საქართველოში რამდენიმე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: საქართველოში არსებული რბილი საკანონმდებლო ჩარჩო და ხელისუფლების მიერ დაწესებული FDI-გრანტი, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქართველი და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული უცხოელი დეველოპერების მაღალი კვალიფიკაცია.
ერთ-ერთი IT-კომპანია, რომელიც საქართველოში მთავრობის მიერ დადგენილი “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსით ისარგებლა და ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერში რეგიონული ოფისი გახსნა - ამერიკული EPAM Systems-ია, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
EPAM Systems, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $18 მილიარდს შეადგენს, ფინანსურ ანგარიშგებებს რეგულარულად აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ, EPAM Systems-მა 2023 წლის სრული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასულ წელს, კომპანიამ $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 2.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია და გარკვეულ წილად, კომპანიის მიერ რუსეთის ბაზრიდან გასვლას უკავშირდება. საინტერესოა, რომ EPAM Systems-ის შემოსავალი ყველა ინდუსტრიულ ვერტიკალში ფიქსირდება, გარდა განვითარებადი ბაზრებისა, სადაც კომპანიამ $648 მილიონი გამოიმუშავა, ანუ 8.8%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე.
ოდნავ განსხვავებული სურათი ფიქსირდება EPAM Systems-ის შემოსავალთან დაკავშირებით რეგიონულ ჭრილში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კომპანიამ $2.74 მილიარდის შემოსავალი მიიღო, როცა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში EPAM-მა $1.82 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა. ამასთან, ევროპაში კომპანიის შემოსავალმა 4.9%-ით იმატა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი - 5%-ით იკლო.
შემოსავლის კლებასთან ერთად, უმნიშვნელოდ შემცირდა კომპანიის მოგებაც. თუ 2022 წელს, EPAM Systems-მა $419 მილიონის მოგება მიიღო, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $417 მილიონი შეადგინა. EPAM Systems-ის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ვიგებთ იმასაც, რომ კომპანია 55 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 53,150-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
კონკრეტულად რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო EPAM Systems-მა 2023 წელს საქართველოში, უცნობია, რადგან გასული წლის ფინანსური ანგარიშგება კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია. საპირწონედ ამისა, ახლახან გამოქვეყნდა EPAM Systems Georgia-ს 2022 წლის შედეგები. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, 2022 წელს EPAM-მა საქართველოში 514.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ანუ ერთბაშად 1,369%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. შემოსავლის მკვეთრ მატებასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რომელმაც 2022 წელს 96.8 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ 2,213%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს.
თუ 2021 წელს, EPAM Systems-ს საქართველოში 572 თანამშრომელი ჰყავდა, 2022 წელს ეს რიცხვი 5,068-მდე გაიზარდა.