მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, ამერიკული Google-ი Arm-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ახალი თაობის პროცესორებზე მუშაობს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად, დატაცენტრებში გამოიყენებს. ამ დროისთვის, პროცესორებს Google-ი შიდა წარმადობის გასაზრდელად გამოიყენებს, მაგრამ წლის განმავლობაში, ამ ჩიპებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას Google Cloud-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
ახალ არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორების გამოყენებას, როგორც ჩანს, Google Compute Engine-ის, Google Kubernetes Engine-ის, Dataproc-ის, Dataflow-სა და Cloud Batch-ის მომხმარებლები შეძლებენ. ამ ტიპის პროცესორი 30%-ით უფრო ეფექტიანია, ვიდრე Arm-ის სხვა პროცესორები და 50%-ით უფრო ეფექტიანია, ვიდრე ის პროცესორები, რომლებსაც ამერიკული Intel-ი აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ მანამ, სანამ Google-ი ახალი თაობის პროცესორების გამოშვებას დააანონსებდა, მსგავსი გადაწყვეტილება Microsoft-მაც მიიღო, რომელმაც საკუთარი წარმოების AI-ჩიპი შექმნა, რომელსაც ქლაუდ-სერვისების მასშტაბირებისთვის და დიდი ენობრივი მოდელების დასწავლისთვის იყენებს. ამავე ტენდენციას მიყვება ამერიკული AWS-იც, რომელიც ქლაუდ-სერვისების უდიდესი მიმწოდებელია პლანეტაზე.
ასეთივე პროცესორებს, ცხადია, აწარმოებს NVIDIA-ც, მაგრამ ამერიკული გიგანტისგან მიუხედავად, Google-ი საკუთარი ჩიპების გაყიდვას არ გეგმავს. საპირწონედ ამისა, Google-ი საკუთარ ქლაუდ-ინფრასტრუქტურას განავითარებს და მოგვიანებით, მონეტიზაციას სწორედ ამ სერვისების გაყიდვით მოახდენს. თავად ეს გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან Google-ი, თავისი არსით, მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა და არა აპარატული უზრუნველყოფის და სხვა მოდელზე გადასვლა მას, შესაძლოა, გაუჭირდეს.