მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემოქმედმა OpenAI-მ პლანეტის ყველაზე მძლავრი საძიებო სისტემის, Google-ის კონკურენტი შექმნა. SearchGPT - ასე ჰქვია სემ ოლტმენის გუნდის მიერ შექმნილ საძიებო სისტემას, რომელიც ჯერაც პროტოტიპია და ტესტირების ეტაპს გადის. ამ დროისთვის, SearchGPT სამ AI-მოდელს ეფუძნება, ესენია GPT-3.5, GPT-4 და GPT-4o. როგორც ირკვევა, SearchGPT-ის გარკვეული ფუნქციონალი მომავალში ChatGPT-ში გამოჩნდება, ანუ OpenAI-ისთვის ხელოვნური ინტელექტი ჯერაც უფრო მნიშვნელოვან პროექტად რჩება.
როგორც ამ ეტაპზე ჩანს, SearchGPT ვიზუალურად ChatGPT-ის ჰგავს, მაგრამ პასუხებს იმ ფორმით აგენერირებს, როგორც Google-ი. მომხმარებელი SearchGPT-ის დავალებას აძლევს, მაგრამ ნაცვლად ერთი კონკრეტული სტრუქტურირებული პასუხისა, რასაც ChatGPT-ისგან შევეჩვიეთ, SearchGPT მომხმარებელს ინტერნეტში არსებული სხვადასხვა წყაროების ბმულებს და სურათებს სთავაზობს. თუკი მომხმარებელი ჩათვლის, რომ ბმულებზე არსებული ინფორმაცია არასაკმარისია ან სურს, კითხვა დააკორექტიროს, შეუძლია ეს ისევე გააკეთოს, როგორც ChatGPT-ის შემთხვევაში.
როგორც OpenAI-ის ბლოგში ვკითხულობთ, SearchGPT-ის ფუნქციონალში ხელოვნური ინტელექტის ამ დოზით გამოჩენა უცნაური არ არის, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ინტერნეტში ინფორმაციის ტრადიციული ფორმით მოძიება, რაც ამ შემთხვევაში Google-ის ყველასთვის კარგად ნაცნობ ფუნქციონალს ნიშნავს, არაეფექტიანია, დიდი დრო სჭირდება, ხოლო ხშირად ხდება ისე, რომ მომხმარებელი პასუხს მაინც ვერ პოულობს. აი, სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა SearchGPT - საძიებო სისტემა, რომელსაც ადამიანის საუბარი ესმის და საჭიროებისამებრ, ადამიანთან ინტერაქცია შეუძლია.
Google-ის საძიებო სისტემის კონკურენტი ამ დრომდეც არაერთხელ გვინახავს, მათ ისეთი, რომლის ქვაკუთხედს - ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენდა. თუმცა ბოლო დროს, ამ მიმართულებით არაერთი პრობლემა გაჩნდა, განსაკუთრებით აბსურდული პასუხების მიმართულებით. Google-ის AI Overviews-მა მომხმარებელს პიცაზე წებოს დასხმა ურჩია, ხოლო Browser Company-ის Arc Search-მა განაცხადა, რომ თუკი ადამიანი ფეხის თითებს მოიჭრის, ისინი ხელახლა გაეზრდება.
თუმცა პასუხების აბსურდულობასთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საძიებო სისტემები ადამიანს ინფორმაციას კონცენტრირებულად და ხშირ შემთხვევაში დამუშავებულად აწვდიან, ვებგვერდების მონახულების მაჩვენებელი იკლებს, რაც კომპანიების ბუნებრივ ტრაფიკს ამცირებს და შემოსავალზე უარყოფითად აისახება. ამასთან, AI-ზე დაფუძნებული საძიებო სისტემები, როგორც წესი, არც ინფორმაციის წყაროს უთითებენ, რაც ასევე პრობლემაა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება.
თავად OpenAI იმდენად გაიზარდა, რომ მზადაა სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის კომპანიას კონკურენცია გაუწიოს. ამ თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას სემ ოლტმენს OpenAI-ის წამყვანი ინვესტორის, Microsoft-ის ფაქტორი აძლევს, რომელიც $3.2 ტრილიონად შეფასებული ტექნოლოგიური გიგანტია. თუმცა არც თავად OpenAI-ის შეფასება უნდა დავივიწყოთ, რადგან ის რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სტარტაპია პლანეტაზე, რომელსაც ინვესტორები $80 მილიარდად აფასებენ. საპირწონედ ამისა, Google-ია - $2.1 ტრილიონად შეფასებული კომპანია, რომელიც საძიებო სისტემების ბაზრის 91%-იან წილს ფლობს.