2024 წელი გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მეტად დატვირთული იყო და წელს, ისევე, როგორც შარშან, ინდუსტრიის ზრდის ლოკომოტივი — ხელოვნური ინტელექტი იყო. თუ OpenAI-მ, Microsoft-მა, Tesla-მ, Google-მა, NVIDIA-მ, AMD-მ და სხვა AI კომპანიებმა წელს მნიშვნელოვანი პროდუქტები წარადგინეს და შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირეს, BMG-ის ტექნოლოგიური გადაცემის, TECH INFORM-ის შეფასებით, წლის საუკეთესო კომპანია მაინც ილონ მასკის კოსმოსური ტიტანი, SpaceX-ი გახდა.
TECH INFORM-ის მიერ ამ წოდების SpaceX-ისთვის მინიჭებას რამდენიმე ძირეული ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორის მთავარი კომპანიის რეკორდულად გაზრდილი შეფასებაა. მიმდინარე წელს, როგორც ცნობილია, SpaceX-მა რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომელთა შედეგად კომპანიის შეფასება $350 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, ილონ მასკის კომპანია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. მწვერვალიდან ილონ მასკმა ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი ჩინური ჰოლდინგი, ByteDance-ი ჩამოაგდო, რომელსაც ინვესტორები $268 მილიარდად აფასებენ.
ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის შეფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SpaceX-ის ბიზნესმოდელი. ეს კომპანია, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური კონტრაქტორია, რომელიც, ამავდროულად, სატელიტური ინტერნეტის ბიზნესსაც ფლობს. ამ მიმართულებით 2018 წლიდან ოპერირებს და დღემდე, ორბიტაზე 7,000-მდე სატელიტი აქვს განთავსებული. თანაც, Starlink-ის თანამგზავრებს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ვხვდებით, რაც არსებულ ადგილებს შორის საუკეთესოა, რადგან ის პლანეტის ზედაპირთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. დღეს, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ოთხი მილიონი ადამიანი იყენებს, მათ შორის საქართველოში.
SpaceX-ის დომინანტობას ისიც უსვამს ხაზს, რომ დედამიწის ორბიტის ათვისებისთვის მზადება ევროკავშირმაც დაიწყო. ადგილი, სადაც, ამ დრომდე, ჭეშმარიტ გიგანტად ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის ერთ-ერთი პროექტი, Starlink-ი ითვლებოდა, ამიერიდან, კოსმოსური თანამგზავრებით კიდევ უფრო დაიტვირთება. პროექტს, სახელწოდებით SpaceRISE მსხვილი ევროპული კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი 2030 წლისთვის გაუშვებს, როცა დედამიწის სხვადასხვა დონის ორბიტაზე 300-მდე სატელიტი მოხვდება.
ახლად შექმნილი კორპორაცია, რომლის შემადგენლობაში ევროპის კოსმოსური სააგენტო, Eutelsat-ი, Hispasat-ი, Airbus-ი და Deutsche Telekom-ი არიან, $11 მილიარდადაა შეფასებული და მისი მიზანი — ევროკავშირის მთელი ტერიტორიის სწრაფი ინტერნეტით დაფარვაა. IRIS-ის სახელით ცნობილი თანავარსკვლავედის ორბიტაზე გასაშვებად კონსორციუმს თორმეტი წელი ექნება, რა დროსაც, ამ მიმართულებით, რამდენიმე მილიარდი ევროს მობილიზება დასჭირდება. IRIS-ის სატელიტების უდიდესი ნაწილი დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსდება.
კოსმოსურ ინდუსტრიას რომ დიდი პოტენციალი აქვს, ნათელია. როგორც ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, მის კოსმოსურ კომპანიას ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, ხოლო თანამშრომლებისა და ინვესტორების ფინანსური ლიკვიდურობის გაზრდაზე ორიენტირებულ საინვესტიციო რაუნდებს კომპანია ექვს თვეში ერთხელ ატარებს. გამოდის, რომ კომპანია გამართულია და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და მის მიღმა განხორციელებული არაერთი მისია ამის დასტურად გვევლინება.
წელს, სხვათა შორის, SpaceX-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსგან კიდევ ერთი კონტრაქტი მიიღო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან გაყვანას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში SpaceX-ი ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდს შექმნის, რომელიც კოსმოსურ სადგურს დედამიწაზე ჩამოიტანს და წყნარ ოკეანეში ჩამოაგდებს - თავად ხომალდი, რომელსაც US Deorbit Vehicle ჰქვია NASA-ს დარჩება. ამ ყველაფრისთვის, ილონ მასკის კომპანია $843 მილიონს მიიღებს.
საინტერესოა, რომ SpaceX-ის გარდა, საინვესტიციო რაუნდი წელს ილონ მასკის კიდევ ერთმა კომპანიამ, xAI-მაც გამართა. ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ $6 მილიარდი მოიზიდა, რა დროსაც xAI-ის შეფასებამ $45 მილიარდი შეადგინა. ამ თანხას ილონ მასკის კომპანია დატაცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც xAI მემფისში აშენებს. ილონ მასკი დატაცენტრისთვის 100,000 ერთეული AI-პროცესორის ყიდვას გეგმავს, რომელთაც xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი და Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია უნდა გამოკვებონ.
ილონ მასკის კომპანიების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ უკავშირდება მილიარდერის პოლიტიკურ გააქტიურებას. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ხალხმა მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, საფონდო ბირჟებზე და კრიპტოინდუსტრიაში აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეიმჩნევა, ხოლო ბიტკოინმა ყველა დროის რეკორდი დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 85%-ით არის მომატებული. SpaceX-ისა და xAI-ის შეფასების ზრდა, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.