Microsoft-ის განცხადებით, გასული კვირის ბოლოს გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდ, რაც Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ დიდი იყო.
პარასკევს, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში 512, გერმანიის მასშტაბით - 92, ინდოეთის - 56, იტალიის - 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 ფრენა გადაიდო. მაგალითად Turkish Airlines-მა 84 ფრენა გააუქმა. მსოფლიოს არაერთი ქალაქის აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია შეფერხებებით, პროგრამულის ნაცვლად ხელით შევსებით ხდებოდა.
აეროპორტების გარდა შეფერხდა ბანკების, მედიაორგანიზაციების, კლინიკების და სხვა დაწესებულებების მუშაობა. მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესი გახდა.
“ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველასთვის - ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ უსაფრთხოებას”, - განაცხადა Microsoft-ის ვიცეპრეზიდენტმა, დევიდ უესტონმა.
CrowdStrike ამერიკული კომპანიაა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის და ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოებაში ეხმარება. მას მსოფლიოს წამყვანი გლობალური ბანკები, ჯანდაცვის და ენერგოკომპანიები იყენებენ. თავის მხრივ CrowdStrike იყენებს ე.წ. ქლაუდ ტექნოლოგიას, რათა ინტერნეტთან მიერთებულ მოწყობილობებზე კიბერდაცვა უზრუნველყოს. სწორედ აღნიშნული კომპანიის განახლების პროცესის ხარვეზმა გააჩერა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კომპიუტერი.
პარასკევის IT-შეფერხება 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეფერხებად დასახელდა. 2017 წელს 150 ქვეყანაში 300 000 კომპიუტერი გამოვიდა მწყობრიდან, რაც კიბერთავდასხმის შედეგი იყო. მომდევნო გლობალური შეფერხება 2021 წელს იყო, როდესაც Meta-ს 6-საათიანმა ხარვეზმა, Instagram-ის, Facebook-ის და WhatsApp-ის მუშაობა შეაჩერა. თუმცა მაშინ შეფერხება მხოლოდ სოციალურ მედიას ეხებოდა.
აიტი შეფერხება შეეხო ქართულ კომპანიებსაც, როგორ მუშაობდა ტურიზმის სექტორი?
სტუმარი: ლევან ოსეფაიშვილი - Check-in Travel-ის დირექტორი;