მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალური კაპიტალი საქართველოს აღარ აღიქვამს მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად - რაზე ისაუბრა კობახიძემ დუბაიში

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დუბაიში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე (WGS) სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ინვესტორთა ნდობა ქვეყნის მიმართ დინამიურად იზრდება, რისი მკაფიო მაგალითიც კომპანია Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული მრავალმილიარდიანი პროექტია.

კობახიძის თქმით, Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული 6.6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად აღარ აღიქვამს.

„ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ - მეოთხე. Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის,“- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 7 მილიარდი დოლარი გამოყო, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად მშპ-ის 7–8%-ს ხარჯავს.

„დავასრულეთ ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს სარკინიგზო კავშირი კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებთან“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის როგორც სტაბილურობის, ისე ფართო ბაზრებზე წვდომის გამო. მისი განცხადებით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, საქართველოს გავლით გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე გადის.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მეტოქე ბლოკებით გაყოფილ მსოფლიოში საქართველომ კონფრონტაციის ნაცვლად კავშირი აირჩია.

„პარტნიორებს მხარის არჩევას არ ვთხოვთ ჩვენ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, - განაცხადა მან და ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა.

„ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს - სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად.გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას.

ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს“, - განაცხადა მან.

ურთიერთობების შენარჩუნება დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები