მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ურთიერთობების შენარჩუნება დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსოფლიო ახალი ეკონომიკური რეალობის პირველ ფაზაში შედის, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვან როლს იძენს, სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა, ხოლო ურთიერთობების შენარჩუნება ეკონომიკურ აუცილებლობად.

ამის შესახებ კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში გლობალური ვაჭრობა მკვეთრად შეიცვალა და კომერციული მარშრუტები სულ უფრო მეტად გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენის ქვეშ ექცევა.

„ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები დასჭირდა, ერთ დღეში ჩამოიშალა, ხოლო ბიზნესები, რომლებიც ეფექტიანობის ზრდაზე იყვნენ ორიენტირებული, გადარჩენის რეჟიმში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტებიც სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის ფონზე, რაც ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა კიდევ უფრო გაამწვავა.

კობახიძის თქმით, მიმდინარე პროცესები აღარ შეესაბამება ტრადიციული გლობალიზაციის მოდელს და მსოფლიო შედის ახალ ეტაპზე, სადაც სტაბილურობა სტრატეგიულ აქტივად ყალიბდება.

„ეს აღარ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. დღეს გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და ურთიერთობების შენარჩუნება დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს.

„სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები აღარ არის სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტირებულ გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ გეოპოლიტიკური განხეთქილებების დაძლევა, განსაკუთრებულ ფასს იძენენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ ალტერნატივას და ის გლობალური ვაჭრობისთვის აუცილებელ კომპონენტად ყალიბდება.

„შუა დერეფანი დღეს გვთავაზობს იშვიათ შესაძლებლობას სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს გადალახავს“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები