საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხელისუფლებას მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს, – ამის შესახებ "ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღწეული ეკონომიკური შედეგები თანაბრად აისახოს საზოგადოების ყველა სოციალურ ფენაზე.
მისივე შეფასებით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.
„გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
არსებული მიღწევებისა და იმ პოზიტიური მოლოდინის პირობებში, რომელსაც, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პროგნოზირებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს ჩვენი მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, იმისთვის, რომ კეთილდღეობის ზრდა ყველა ოჯახმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს.
ამ გზაზე, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ და ეკონომიკური დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ გარემოში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ თვითკმარობასა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციასთან“, - განაცხადა ყაველაშვილმა.




























