მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური  ნავთობგიგანტები დელსი როდრიგესს უჭერდნენ მხარს - Bloomberg

დელსი როდრიგესს

Bloomberg-ს ინფორმაციით, ნიკოლას მადუროს ადგილმონაცვლისა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის თანამდებობაზე დანიშვნას ნავთობინდუსტრიის გიგანტები უჭერდნენ მხარს. მედიის ცნობით, კომპანიები როდრიგესს მადუროს შემდგომ ეპოქაში ყველაზე სანდო და სტაბილურ ლიდერად მიიჩნევდნენ, რადგან ის წლების განმავლობაში სწორედ ნავთობის მინისტრად მუშაობდა და ყველა წამყვან კომპანიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სურდათ ენერგოგიგანტებს როდრიგესის ხილვა, არის ის, რომ მინისტრად ყოფნის პერიოდში მან სანქციების ქვეშ მოქცეულ, იზოლირებულ ქვეყანაში ნავთობინდუსტრიის სრული შეჩერება არ დაუშვა და ყველაფერი გააკეთა, რათა წარმოება გაგრძელებულიყო.

როგორც Bloomberg-ი წერს, ნავთობგიგანტების სურვილი ამ ეტაპზე არა იმდენად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იყო, რამდენადაც პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის სასურველი ადამიანით შევსება, რათა ინდუსტრიის აღდგენის პროცესი არ გადავადებულიყო. ამასთან, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გაცილებით რთული იქნებოდა მომავლის პროგნოზირება, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება არ აქვთ. Bloomberg-ი ასევე იუწყება, რომ ამერიკული ენერგოგიგანტები ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებენ, რათა როდრიგესმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლოს.

შეგახსენებთ, მადუროს დაკავების შემდეგ აქტიურად განიხილებოდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის ლიდერად აღიარებული ედმუნდო გონსალესის გაპრეზიდენტება. საუბარი იყო გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ მარია კორინა მაჩადოს, როგორც ვენესუელური ოპოზიციის გამაერთიანებელ კანდიდატურაზეც, თუმცა ამ ეტაპზე თეთრმა სახლმა არჩევანი მადუროს ადგილმონაცვლეზე შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები