მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელა სამთო-მოპოვებით სექტორს უცხოელი ინვესტორებისთვის ხსნის

დელსი როდრიგესი

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ახალი სამთო-მოპოვებითი კანონი დაამტკიცა, რომელიც სექტორში კერძო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური შეზღუდვები შეამსუბუქა.

მიღებული დოკუმენტი 1999 და 2015 წლების რეგულაციებს აუქმებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს ოქროსა და სხვა სტრატეგიული მინერალების მოპოვების უფლებას აძლევს. კანონის თანახმად, ლიცენზიები მაქსიმუმ 30 წლით გაიცემა, თუმცა მათი ვადის გაგრძელება ათწლიანი ინტერვალებით ორჯერ იქნება შესაძლებელი. წიაღისეულის საბადოები სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, ხოლო ოქროს გაყიდვის პროცესს ქვეყნის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს როიალტის გადასახადს მთლიანი წარმოების ღირებულების 13%-მდე ოდენობით და დამატებით 6%-იან ბაჟს პირველადი მოპოვებითი საქმიანობისთვის.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად შეაფასა. აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, დაგ ბერგუმმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის. მისივე თქმით, დელსი როდრიგესი ინვესტორებს უსაფრთხოებისა და სამართლებრივ გარანტიებს ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი, გარდამავალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ვენესუელას ენერგეტიკულ სექტორში შესვლით დაინტერესებული 120 პოტენციური ინვესტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობაც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში პოლიტიკური ვითარება მიმდინარე წლის იანვარში შეიცვალა, როდესაც სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. მას შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეები დელსი როდრიგესმა გადაიბარა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები