ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისი გლობალურ ნაოსნობას უდიდეს დარტყმას აყენებს. კონტეინერმზიდი ოპერატორის, Ocean Network Express (ONE)-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ნიქსონის განცხადებით, ამ დროისთვის სრუტეში ბლოკირებულ 750 გემს შორის, დაახლოებით 100 კონტეინერმზიდია.
„ამ კონფლიქტის გამო, მსოფლიო საკონტეინერო ფლოტის დაახლოებით 10% გაჩერებულია,“ - განაცხადა ნიქსონმა ლონგ-ბიჩში გამართულ TPM26 კონფერენციაზე.
კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა აშშ-ისა და ისრაელის იერიშებს უპასუხა, რასაც საზღვაო კომპანიების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში გამავალი რეისების დაზღვევის შეწყვეტა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ამ სრუტეზე გლობალურად მოხმარებული ნავთობის 1/5 და ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი გადის.
ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მუქარა. მან სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, „ცეცხლში გაეხვევა“.
ჯერემი ნიქსონის პროგნოზით, ტვირთების დაგროვება ევროპისა და აზიის საკვანძო პორტებში ჰაბების გადატვირთვას გამოიწვევს.
უმსხვილესმა გადამზიდავებმა, მათ შორის ONE-მა და ინდუსტრიის ლიდერმა MSC-მ, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების მიღება და დაჯავშნა უკვე შეაჩერეს.
ცნობისთვის, Ocean Network Express (ONE) წარმოადგენს იაპონური სანაოსნო ხაზების (Nippon Yusen Kaisha, Mitsui O.S.K. Lines და K Line) ერთობლივ საწარმოს. ჯერემი ნიქსონი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს მიმდინარე წლის 1 ივლისს დატოვებს.




























