ევროპაში ავტომობილების გაყიდვები აპრილში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და 1.08 მილიონ ერთეულს შეადგენდა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროპაში ავტომობილების გაყიდვების კლების მიზეზი ეკონომიკური გაურკვევლობა და გლობალური სავაჭრო დაძაბულობაა, რაც მომხმარებლებს დიდ შესყიდვებზე უარის თქმას აიძულებს.
„ძირითადი ბაზრები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, გაყიდვების შემცირებას განიცდიდა, იუწყება ევროპული ავტომწარმოებლების ასოციაცია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალის განახლებულ მიმოხილვაში ისიც ნათქვამია, რომ მწარმოებლები მზარდ სირთულეებს ებრძვიან: სუსტი შიდა მოთხოვნა, პოტენციური ტარიფები აშშ-ს მხრიდან და მკაცრი კონკურენცია ჩინეთიდან.
„Volkswagen, Volvo და Mercedes-Benz-ი ხარჯების შემცირებას იწყებენ. ბენზინისა და დიზელის ტრადიციულ მოდელებზე გაყიდვები მკვეთრად დაეცა, ხოლო ელექტრო და ჰიბრიდულმა მოდელებმა მცირედით მოიმატა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.




























