საერთაშორისო ვაჭრობის ევოლუციით, გლობალიზაციის შედეგებითა და ტექნოლოგიების პროგრესით, გლობალური ვაჭრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. გასულ წელს კი, გლობალური ექსპორტის ღირებულებამ 25 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესმა 11-მა ექსპორტიორმა 2022 წელს 12.8 ტრილიონი დოლარის საქონელი გაყიდა, მაშინ როცა მთელმა დარჩენილმა მსოფლიომ ჯამურად ექსპორტზე შედარებით ნაკლები, 12.1 ტრილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანა.
რეიტინგის სათავეში არის ჩინეთი. ქვეყანა, რომელიც 2009 წლიდან მსოფლიოში საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორია, დღეს მთლიანი ექსპორტის 14%-ს აკონტროლებს. გასულ წელს ჩინეთიდან 3.6 ტრილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. 2022 წელს ჩინეთის მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო ტელეფონები, მათ შორის სმარტფონები, კომპიუტერები, ინტეგრირებული მიკროსქემები, დიოდები, ელექტროაპარატურა და ასევე ნახევარგამტარები. ჩინეთის ორი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი მეზობელი ქვეყნები, იაპონია და სამხრეთ კორეაა. მართალია, ჩინეთს ჰქონდა ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბაზართან - ევროკავშირთან და აშშ-სთან, თუმცა ბოლოდროინდელმა სავაჭრო დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ 2023 წელს ჩინეთმა შეერთებული შტატების უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაკარგა.
ჩინეთის ჩანაცვლება შეძლო მექსიკამ და დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვაჭრობის დინამიკაში ეს ცვლილება არის აშშ-ის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომ საქონლის იმპორტი უფრო ახლოს მდებარე ქვეყნიდან განახორციელოს და გეოპოლიტიკურ კონკურენტებზე დამოკიდებულება შეამციროს. აშშ მსოფლიოში მეორე უდიდესი ექსპორტიორია. გასული წლის მონაცემებით შტატებიდან ექსპორტირებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამერიკის საექსპორტო პროდუქციის უმსხვილესი შემსყიდველი არის კანადა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 17%-ი მოდის. მას მოსდევს მექსიკა, ჩინეთი, იაპონია და გაერთიანებული სამეფო. შეერთებული შტატების მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ავტომობილები და მიკროსქემები.
მესამე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი გერმანიაა, რომელმაც გასულ წელს ექსპორტზე 1.7 ტრილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა. 965 მილიარდი დოლარის საექსპორტო მაჩვენებლით მას ნიდერლანდები მოსდევ. მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორი კი იაპონიაა, რომელმაც გასულ წელს 746 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.
მსოფლიოში უმსხვილეს 11 ექსპორტიორს შორის დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:
სამხრეთ კორეა - 683.6 მილიარდი დოლარი
იტალია - 656.9 მილიარდი დოლარი
ბელგია - 632.9 მილიარდი დოლარი
საფრანგეთი - 617.8 მილიარდი დოლარი
ჰონგ-კონგი -609.9 მილიარდი დოლარი
არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 598.5 მილიარდი დოლარი
რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას. ამ თვალსაზრისით ცალსახად აზია დომინირებს, რომელსაც სავაჭრო ბაზარზე მთლიანი ექსპორტის 36%-იანი წილი უჭირავს, ბაზრის 34%-იან წილს კი ევროპა აკონტროლებს. მაშინ როცა აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები ძირითადად ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტს ახორციელებენ, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მთავარი საექსპორტო საქონელია: ნავთობი, ოქრო, ალმასი, ასევე კაკაო, ხე-ტყის მასალა და ძვირფასი ლითონები.
21-ე საუკუნის დასაწყისში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2001 წელს თუ ჯამური ექსპორტის მოცულობა 14.6 ტრილიონი დოლარი იყო, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 40.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა, როგორიცაა გადასახადები უცხოურ საქონელზე და იმპორტის კვოტები 663%-ით გაიზარდა, ეს რასაკვირველია გლობალურ ვაჭრობაზეც აისახა და 2008 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა. მართალია, ურთიერთდამოკიდებულება და ინტეგრაცია პოსტ COVID-ის ეპოქაში ბევრმა ქვეყანამ შეამცირა, თუმცა ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის მიხედვით გლობალური ექსპორტი კვლავ 70%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის ის 29.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.