მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

ჩინეთი

საზღვრებს გარეთ გაზრდილი პროტექციონიზმისა და შემცირებული მოთხოვნის ფონზე, კონტინენტური ჩინეთის ექსპორტმა გასულ წელს 3.88 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 4.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 5.5%-იანი კლება შეინიშნება იმპორტის თვალსაზრისითაც. 2023 წელს ჩინეთმა სხვა ქვეყნებიდან 2.56 ტრილიონი დოლარის საქონელი შეიძინა.

არსებული დაძაბულობის მიუხედავად აშშ ჩინეთისთვის კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაეროს Comtrade-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გასულ წელს აშშ-მა ჩინეთიდან 448 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, ხოლო ჩინეთმა შტატებიდან - 147,8 მილიარდი დოლარის. აშშ-ის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით 2023 წელს, ჩინეთთან ვაჭრობა 16.7%-ით შემცირდა და ამ დროის მონაცემებით, მექსიკისა და კანადის შემდეგ, ჩინეთი ქვეყნის მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად პოზიციონირებს. ნავარაუდევია, რომ აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობა წელს კიდევ უფრო გამწვავდება, გამომდინარე იქიდან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე დამატებითი ტარიფების შემოღებას განიხილავს, ხოლო თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება. რესპუბლიკელი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ჩინურ საქონელზე 60%-იანი გადასახადის დაწესებას აანონსებს.

ჩინეთის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გერმანიაა. გასულ წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 279 მილიარდი დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, გერმანიამ ჩინეთისგან 173 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, ხოლო სახალხო რესპუბლიკამ ევროკავშირის ქვეყნისგან 106 მილიარდი დოლარის პროდუქცია იყიდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გერმანიისთვის ზედიზედ უკვე მერვე წელია მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

2023 წელს იაპონიის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან საგრძნობლად, თითქმის 44 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მაღალი მაჩვენებელია. მზარდი დეფიციტი ძირითადად ჩინეთში მოთხოვნის შემცირებასა და იაპონიის მთავრობის მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მცდელობას უკავშირდება. გასულ წელს ჩინეთიდან იაპონიამ 160.9 მილიარდი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო პირიქით ჩინეთის მიერ შეძენილმა საქონელმა 117.1 მილიარდი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 6.5%-ით ჩამოუვარდება. სხვათა შორის, ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად 2023 წელს, იაპონიის მთავარი საექსპორტო ბაზარი არა ჩინეთი, არამედ აშშ-ი იყო.

მსგავსად იაპონიისა, გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობა სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორისაც მნიშვნელოვნად შემცირდა და მეტიც, სამხრეთ კორეამ 1992 წლის შემდეგ პირველად სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო დეფიციტი დააფიქსირა. Nikkei Asia-ს მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთმა სამხრეთ კორეაში 142.8 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა, 8%-ით ნაკლები ვიდრე 2022 წელს, ჩინეთში განხორციელებული იმპორტი კი უფრო მკვეთრად შემცირდა და 124.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის პარალელურად, სამხრეთ კორეამ ექსპორტი შტატებსა და იაპონიაში იმდენად გაზარდა, რომ ამ ქვეყნებმა ჩინეთს უპირატესობა დაათმობინეს. სამხრეთ კორეა ახლა იმდენად კონცენტრირებულია ბაზრების დივერსიფიკაციაზე, როგორც არასდროს.

და ბოლოს, მაშინ როცა უკრაინაში ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად ერიდებიან რუსეთთან ვაჭრობას, მოსკოვის საქმიანი ურთიერთობა მოკავშირე პეკინთან, კიდევ უფრო გამყარდა. ჩინეთის საბაჟო მონაცემების გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 240 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წელთან შედარებით 26.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტი 46.9%-ით 111 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან სახალხო რესპუბლიკაში - 12.7%-ით, 129.1 მილიარდ დოლარამდე. ამისა მიღმა, რუსეთის ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, განმარტავს იმასაც, რომ გასულ წელს ორმხრივ ვაჭრობაში არ იყო გამოყენებული ამერიკული დოლარი, რაც დედოლარიზაციისკენ ამ ორი ქვეყნის სწრაფვას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები