მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დამოკიდებულია ევროპა და ამერიკა ჩინეთთან ვაჭრობაზე?

ვაჭრობა

ჩინურ წარმოებაზე დამოკიდებულება ევროპისა და აშშ-სთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ რეალობას, ექსპერტები, სტრატეგიულ დაუცველობად განიხილავენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდის ევროკავშირი და უფრო მეტად შეერთებული შტატები ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებასა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩინეთსა და ტაივანს შორის მზარდმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, თავის მხრივ დასავლეთსა და პეკინს შორის ურთიერთობის გაუარესება განაპირობა, ხოლო პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად სარისკოა დივერსიფიცირებული ეკონომიკის არქონა.

აშშ-სთვის ჩინეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. გასულ წელს სახალხო რესპუბლიკიდან შტატებში იმპორტმა 427,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ჩინეთიდან განხორციელებული ჯამური ექსპორტის 14,8%-ს შეადგენს. აშშ-ის მიერ შეძენილი ჩინური პროდუქცია საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ქვეყანა ყიდულობს როგორც კომპიუტერებს, სმარტფონებსა თუ სხვა ელექტრო ტექნიკას, ასევე სამრეწველო დანადგარებს, ქიმიკატებს, ფარმაცევტულ საშუალებებს, სატრანსპორტო აღჭურვილობას, ტანსაცმელს, ავეჯს და ასევე ლითონებს.

შტატებმა ჩინეთიდან იმპორტის მოცულობის შემცირება ჯერ კიდევ 2018 წელს, ტრამპის მიერ დაწესებული შემზღუდველი ტარიფებით დაიწყო, რაც შემდგომ ბაიდენმაც გააგრძელა და მეტიც, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ის კიდევ უფრო გაამკაცრა.. შედეგად გასულ წელს ჩინეთმა ამერიკის მთავარი საიმპორტო ქვეყნის სტატუსი დაკარგა და ის მექსიკამ ჩაანაცვლა.

აშშ-ის მსგავსად, ჩინეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის 14,8%-იანი წილი მოდის ევროკავშირზე. გასულ წელს ევროკავშირმა ჩინეთიდან 553 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 20%-ს შეადგენს. აქედან დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი შეძენილ ავტომობილებზე, სამომხმარებლო ელექტრო ტექნიკასა თუ ტანსაცმელზე მოდის. ყველაზე მეტად დამოკიდებულება კი, ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ლითიუმ-იონური ბატარეების თვალსაზრისით არის. ეს სერიოზულ პრობლემად აღიქმება და ჩნდება რისკი, რომ ამ პროდუქციით ევროკავშირი ისეთივე დამოკიდებული გახდეს ჩინეთზე, როგორც წიაღისეული საწვავის მხრივ იყო რუსეთზე დამოკიდებული, ცხადია, უკრაინაში ომამდე.

ჩინეთზე სავაჭრო დამოკიდებულების შემცირების მიზნით ევროკავშირმა კრიტიკული ნედლეულის აქტი შეიმუშავა, რის მიხედვითაც აკრძალულია, ქვეყნის ნედლეულის მარაგში იმპორტირებულის წილი 65%-ს აღემატებოდეს. შემუშავდა ასევე კრიტიკული მედიკამენტების აქტიც, რაც გაერთიანების წევრებს ერთმანეთთან მედიკამენტების მიწოდების გააქტიურებას ავალდებულებს.

ამას გარდა, Nikkei-ს ცნობით, ევროკავშირი გეგმავს იაპონიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს როგორც ნახევარგამტარებისა და ელექტრო ბატარეების, ისე სხვა მოწინავე ტექნოლოგიების ვაჭრობის მიმართულებით. ანალოგიურად გასულ წელს იაპონიამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს "ჰიროსიმას" შეთანხმებას, რაც იაპონიიდან დიდ ბრიტანეთში ჩიპების იმპორტის მასშტაბირებასა და ზრდას მოიაზრებს. ევროკავშირი ასევე ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესებასაც განიხილავს.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაუარესება და მით უმეტეს გაწყვეტა არასახარბიელოა. მაგალითად, რთულ მდგომარეობაშია გერმანია, რომლისთვისაც ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია, შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ სავაჭრო ომის განვითარების შემთხვევაში, ქვეყნის ავტომრეწველობა მნიშვნელოვნად დაზიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები