მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo მუშაობას არ წყვეტს, მაგრამ დღეიდან იცვლება სამუშაო საათები

5e8354fd71ce2
BM.GE
31.03.20 18:35
3883
საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

Glovo, სწრაფი მიტანის სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპერირებს, საგანგებო რეჟიმის პირობებში არ წყვეტს მუშაობს, თუმცა 31 მარტიდან Glovo-ს სამუშაო საათები იცვლება. ნაცვლად 24-საათიანი გრაფიკისა, Glovo მომხმარებლებს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე მოემსახურება. უკანასკნელი შეკვეთის გაფორმება 19:30-ზე იქნება შესაძლებელი.

Glovo ითვალისწინებს ხელისუფლების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ უსაფრთხო მომსახურების წესებს როგორც შეკვეთის მომზადების დროს, ისე მისი შეფუთვისა და მიტანისას.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო პერიოდში გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა, რადგან გამკაცრდა სახლში დარჩენის რეკომენდაცია და ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დამყარდა ქვეყანაში. ჩვენი გუნდი გააგრძელებს მუშაობას, რათა შევძლოთ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პარტნიორ კურიერს, რომელთა გმირობის შედეგადაც, ამ რთულ დღეებში, ყოველდღიურად, ათასობით ოჯახი იღებს მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქციას“, – ამბობს Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში გიორგი ქერქაძე.

შეგახსენებთ, მიტანის სერვისის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, Glovo-მ გააუქმა შეკვეთის ჩაბარების დროს ხელმოწერის პროცედურა და ხელი შეუწყო ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად, ბარათებით გადახდას. ამასთანავე, პარტნიორ კურიერებს დაურიგდათ ანტიბაქტერიული საშუალებები, ხოლო ევექსის სპეციალურად გადამზადებულმა ექიმების გუნდმა პარტნიორ კურიერებს და თანამშრომლებს გაუწია სამედიცინო შემოწმება და საინფორმაციო დახმარება.