ფრინველის გრიპის გამო მოსკოვის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარანტინი მოსკოვის ორ რაიონში გარეული ფრინველის დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო დაწესდა. ამის გამო რამდენიმე რაიონში ვირუსის გავრცელების საფრთხე შეიქმნა. იმ რაიონებში, სადაც კარანტინი ამოქმედდა, საკარანტინო ღონისძიებებს გაატარებენ. შეზღუდვის პერიოდში კი მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისა და კერების ადგილების მონახულება ეკრძალებათ. ამავე რაიონებში დაავადებული ფრინველების მკურნალობა იკრძალება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე ფრინველებისა და კვერცხის შეტანა და გატანა, ასევე მკვდარი ფრინველიდან ბუმბულის გაცლა, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობების გამართვა და ფრინველის გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები იკრძალება.
რუსული მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრინველის გრიპით ადამიანების დაინფიცირების რისკები არსებობს. ჯანმოს მონაცემებით, ინფიცირება ძირითადად დაინფიცირებულ ფრინველთან პირდაპირი კონტაქტით ან გავრცელების კერის მონახულებით შეიძლება.