მიტანის გლობალურ აპლიკაცია Glovo-ს გერმანული გიგანტი Delivery Hero ფლობს, რომელიც გერმანიის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული. კომპანიამ დღეს 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის სერვისებით პერიოდის განმავლობაში 23.7 მილიარდი ევროს პროდუქტები მიიტანეს, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი, მიტანის სერვისიდან მიღებული შემოსავალი კი 5.8 მილიარდი ევრო იყო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ამასთან, შემცირდა კომპანიის წმინდა ზარალიც, თუკი გასული წლის პირველ ნახევარში ზარალი 772 მილიონ ევროს შეადგენდა, წელს ის 720 მილიონ ევრომდე შემცირდა.
აღნიშნული ინფორმაცია ბაზარმა დადებით სიგნალად მიიღო, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ღირებულება დღეს 2.8%-ით, 24.16 ევრომდე გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Delivery Hero-სთვის უშუალოდ გაყიდვების ღირებულება 4.13 მილიარდი ევრო იყო, ამასთან კომპანიას ჰქონდა 1 მილიარდი ევროს ადმინისტრაციული ხარჯები, 724 მილიონი ევროს მარკეტინგის ხარჯები და 272 მილიონი ევროს IT მომსახურების ხარჯები.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Delivery Hero მის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი სეგმენტის Talabat-ის დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებას და მის დუბაის საფონდო ბირჟაზე დალისტვას გეგმავს.