მიტანის საერთაშორისო პლატფორმა Glovo, დღეისთვის საქართველოს 10 ქალაქშია შესული და ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას აგრძელებს. Glovo-ს თანადამფუძნებლის საშა მიშუს ინფორმაციით, კომპანიას დღეისთვის, საქართველოში 3000-მდე აქტიური პარტნიორი კომპანია ჰყავს, საიდანაც 90% მცირე ბიზნესია. BMG-სთან ვრცელ ინტერვიუში, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქსელის გაფართოების გეგმასთან ერთად პარტნიორების რიცხვიც გაიზრდება, თუმცა Glovo-ს ურბანულ დასახლებებში შესვლის ვადების შესახებ საშა მიშუს არ უსაუბრია.
მისი შეფასებით, 22 ქვეყნიდან, რომლებშიც Glovo ოპერირებს, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალშეღწევადია.
"ჩვენ ურბანული კომპანია ვართ. ვიწყებთ დიდი ქალაქებით და ნელ-ნელა ვფართოვდებით. დღეს საქართველოში 10 ქალაქში ვართ წარმოდგენილნი და ვგეგმავთ მცირე ურბანულ დასახლებებში შესვლასაც. ურბანული ეკონომიკა ჩვენთვის საკვანძოა. წარმატებისთვის სამი რამაა საჭირო: კარგი პარტნიორები, განვითარებადი ციფრული ეკონომიკა და მომთხოვნი მომხმარებელი. საქართველო საოცარი ქვეყანაა - მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ციფრული ეკონომიკით. პირველივე დღიდან შევამჩნიეთ, რამდენად ღია იყო აქაური მომხმარებელი ონლაინ შეკვეთებისთვის. ფაქტობრივად, საქართველო ჩვენს 22 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეღწევადობის მქონე ბაზარია. ცნობისთვის, ჩვენს ყველაზე განვითარებულ ბაზრებზე - ესპანეთში 800 ქალაქში ვართ წარმოდგენილი, იტალიაში კი 600-ში.
სხვათა შორის, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის გარეთ მდებარე ქალაქებმა უფრო სწრაფი ზრდა დაიწყეს, ვიდრე თავად დედაქალაქმა, რაც საყურადღებო ფაქტი მგონია", - ამბობს საშა მიშუ და დასძენს: "ჩვენ დიდ ქსელებთან და ბრენდებთან ვთანამშრომლობთ, თუმცა ძირითადი წილი მაინც მცირე საწარმოებზე მოდის. ისინი Glovo-ს იყენებენ, როგორც ერთ-ერთ მთავარ ციფრულ არხს და ეს ტენდენცია მომდევნო ათწლეულში კიდევ უფრო გაძლიერდება".




























