მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Glovo-ს 3000-მდე პარტნიორიდან, 90% მცირე ბიზნესია - ექსკლუზიური ინტერვიუ საშა მიშუსთან

Glovo-ს თანადამფუძნებელი

Glovo-ს თანადამფუძნებელი, საშა მიშუ თბილისს უკვე მეათედ ესტუმრა. BMG-მ ამჯერადაც არ გაუშვა შანსი ხელიდან და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ, რომელშიც მიშუმ არაერთ საკითხზე, მათ შორის ბიზნეს დინამიკასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. Glovo-ს თანადამფუძნებელმა დეტალურად ისაუბრა ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მცირე ბიზნესის გაძლიერებასა და მომხმარებლის შეცვლილ მოლოდინებზე.

ინტერვიუ კომპანიის 11-წლიან ევოლუციაზე საუბრით დაიწყო. საშა მიშუმ აღნიშნა, რომ 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნებული სტარტაპი დღეს უკვე 1800-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი, საქართველოში კი 3,000-ზე მეტი აქტიურ პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან 90%-იც მცირე ბიზნესია. BMG გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საშა მიშუსთან:

- ბატონო მიშუ, როგორ ვითარდება კომპანია დღევანდელ ბაზარზე? რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიური ინოვაციები ოპერაციულ ეფექტურობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე და როგორ პასუხობს ბიზნესი ციფრულ ეკონომიკაში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებს?

- დიდი მადლობა, მიხარია, რომ კვლავ თბილისში ვარ - ეს ქალაქი უკვე ჩემი მეორე სახლია. რაც შეეხება Glovo-ს, ჩვენ უკვე 11 წლის ვართ. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა, დღეს კი მსოფლიოს 22 ქვეყანაში და 1,800-ზე მეტ ქალაქში ვართ წარმოდგენილნი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ზრდა საკმაოდ სწრაფი იყო. შევამჩნიეთ, რომ Glovo „სიახლის ეფექტის“ მქონე იმ აპლიკაციიდან, რომელზეც მომხმარებლები ამბობდნენ: „ვაუ, შემიძლია ჩემ ქალაქში ყველაფერი მაშინვე მივიღო, როცა მომინდებაო“, გადაიქცა ძალიან სასარგებლო და ინოვაციურ ინსტრუმენტად. ახლა კი მას ყოველდღიურად, ხშირად დღეში რამდენჯერმეც კი იყენებენ. ვფიქრობ, მომხმარებლის ქცევა და ტექნოლოგიები ერთი და იმავე დინამიკით ვითარდება. ჩვენი აპლიკაცია რეალურად აანალიზებს მომხმარებელთა ქცევას, რის საფუძველზეც მათ უფრო მეტ სერვისსა და ეფექტურობას ვთავაზობთ. ჩვენ მათი ცხოვრების ნაწილი გავხდით - ფაქტობრივად, ჩვენ ვართ „ქალაქი ხელისგულზე“.

- რაც შეეხება Glovo Next-ს - რა ახალ ფუნქციებსა და სიახლეებს სთავაზობს ის მომხმარებლებს? როგორ აუმჯობესებს განახლებული პლატფორმა მათ გამოცდილებას, რამდენად უფრო პერსონალიზებული ან სწრაფია გახდა ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებებს ადგილობრივი ბაზრისთვის?

- Glovo Next-ი არის პროგრამა, რომელსაც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალი ფუნქციები ემატება. მისი მთავარი არსი პერსონალიზაცია და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. გამოვყოფდი სამ ძირითად ელემენტს, რომელიც ჩვენი ბიზნესისთვის გადამწყვეტია. პირველი - საუკეთესო კონტენტი, რაც გულისხმობს რესტორნებისა და მაღაზიების ფართო არჩევანს. ჩვენ ვცდილობთ, პლატფორმაზე მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი მომხმარებლისთვის საყვარელი ობიექტები თუ სწრაფი კომერციის პროდუქტები. მეორე - საუკეთესო UX სერვისი, რათა ზუსტად იცოდეთ, სად არის თქვენი შეკვეთა ნებისმიერ წამს. თუ ვამბობთ, რომ შეკვეთას 25 წუთში მოვიტანთ, ეს ასეც უნდა მოხდეს და პროდუქტი იდეალურ მდგომარეობაში უნდა ჩაგბარდეთ. მესამე და ბოლო, ხელმისაწვდომობაა - გვსურს ეს ყველაფერი იმავე ფასად შემოგთავაზოთ, რაც მაღაზიაში დაგხვდებოდათ. ჩემთვის Glovo-ს კონცეფცია და ჩვენი ინდუსტრიის მომავალი ასეთია: თუ მე მინდა რაღაცის ყიდვა და Glovo მას მოიტანს დაახლოებით იმავე ფასად, რაც მე დამიჯდებოდა ჩემი მანქანით წასვლა და ქალაქში გასვლა, თუნდაც თბილისის შემთხვევა რომ ავიღოთ...

- ანუ, ხარჯების სრულ დაფარვაზეა საუბარი?

- დიახ, სრულ ხარჯზე. როდესაც ფასი თითქმის იგივეა, რატომ არ უნდა ავირჩიო Glovo? სწორედ ეს არის ჩვენი კონცეფცია. აპლიკაციაში ვცდილობთ, ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი და შეუმჩნეველი გავხადოთ, რათა მომხმარებელმა ნებისმიერ დროს იცოდეს შეკვეთის სტატუსი. Glovo უნიკალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რადგან ჩვენ სამდონიანი ბაზარი გვაქვს. ყოველთვის ვსაუბრობთ მომხმარებელზე, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, იდეალური გამოცდილება შევქმნათ ბაზრის სამივე რგოლისთვის. მომხმარებლების გარდა, გვყავს პარტნიორები - საქართველოში ათასობით ასეთი პარტნიორი გვყავს. შეკვეთის მიღებისას მათთვისაც ყველაფერი გამართული უნდა იყოს: მათ უნდა იცოდნენ, როდის მოვა კურიერი, რათა ზუსტად განსაზღვრონ კერძის თუ ამანათის მომზადების დრო. სამდონიანი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია თავად კურიერიც. ჩვენ უნდა შეგვეძლოს პროგრამულად იმ კურიერების იდენტიფიცირება, რომლებიც საუკეთესო სერვისს გასწევენ - გაივლიან მინიმალურ მანძილს და საათში რამდენიმე შეკვეთას შეასრულებენ. ეს უნდა იყოს შესაძლებელი, რათა მათ ღირსეული შემოსავალი მიიღონ. სწორედ ეს არის ჩვენი სამდონიანი ბაზარი სამი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლით - ეს პრინციპი ჩვენს პლატფორმას უნიკალურს ხდის.

- შემდეგი კითხვა ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას ეხება. როგორ უწყობს ხელს თქვენი ციფრული პლატფორმა ეკონომიკური ეფექტურობის ზრდას? რა როლს თამაშობს ინოვაციები მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაში და როგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის?

- ვფიქრობ, საცალო ვაჭრობის სექტორი, ანუ ჩვენს ქუჩებსა თუ დასახლებებში განთავსებული მაღაზიები თუ რესტორნები ციფრულ და ტექნოლოგიურ რევოლუციას ისტორიულად ყველაზე რთულად უბამდნენ ფეხს. თუმცა ახლა ისინი სწრაფად გვეწევიან, რადგან მომხმარებელს ყველაფერი უფრო სწრაფად სურს. ერთადერთი სერვისი კი, ვისაც პროდუქტის სწრაფად მიწოდება შეუძლია, სწორედ მომხმარებელთან ახლოს მყოფი ობიექტებია. ესენი არიან რიტეილერები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველანი ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში ვცხოვრობთ და ჩვენთან ყველაზე ახლოს სწორედ ადგილობრივი მაღაზიებია. მაშინ, როცა დიდ, საერთაშორისო კომპანიებს ამანათის ჩამოსატანად დღეები სჭირდება, ადგილობრივ დონეზე დაწყებული ციფრული ტრანსფორმაცია დროს მკვეთრად ამცირებს. ეს რესტორნებით დაიწყო, რაც ბუნებრივია, რადგან ადამიანი დღეში სამჯერ ჭამს, მაგრამ ახლა პროცესი სწრაფად გადადის ე.წ. „სწრაფ კომერციაში“. მჯერა, რომ ეს იქნება ელექტრონული კომერციის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება. ლოგიკა მარტივია: ონლაინ შეკვეთების 80% ჩვენსავე ქალაქშია, უბრალოდ, დღეს ამას ვერ ვხედავთ. მაგალითად, ჩემი ფეხსაცმელი გამოვიწერე და ოთხი დღე ველოდე, რეალურად კი ის ჩემსავე ქალაქში იყო. Glovo ამ პროცესის ფასილიტატორია - ჩვენ ვაძლევთ რიტეილერებს საშუალებას, პროდუქტი მომხმარებლებს მომენტალურად მიაწოდონ. დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 180,000-მდე პარტნიორი გვყავს.

- მათგან რამდენია საქართველოდან?

- საქართველოში, ვფიქრობ, 3000-მდე აქტიური პარტნიორი გვყავს, რომლებიც ყოველდღიურად ყიდიან Glovo-ს მეშვეობით.

ეს პარტნიორები გადიან გაციფრულების ეტაპს და მათი რიცხვი სტაბილურად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი 90% მცირე ბიზნესია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიდ ქსელებთან და ბრენდებთან, თუმცა ძირითადი წილი მაინც მცირე საწარმოებზე მოდის. ისინი Glovo-ს იყენებენ, როგორც ერთ-ერთ მთავარ ციფრულ არხს და ეს ტენდენცია მომდევნო ათწლეულში კიდევ უფრო გაძლიერდება.

- როგორ აფასებს Glovo საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას, როგორია თქვენი გრძელვადიანი სტრატეგია ადგილობრივი ბაზრისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია ციფრულ პლატფორმებს ქვეყნის ურბანული ეკონომიკის ტრანსფორმაციაში წვლილის შეტანა?

- ჩვენ ურბანული კომპანია ვართ. ვიწყებთ დიდი ქალაქებით და ნელ-ნელა ვფართოვდებით. დღეს საქართველოში 10 ქალაქში ვართ წარმოდგენილნი და ვგეგმავთ მცირე ურბანულ დასახლებებში შესვლასაც. ურბანული ეკონომიკა ჩვენთვის საკვანძოა. წარმატებისთვის სამი რამაა საჭირო: კარგი პარტნიორები, განვითარებადი ციფრული ეკონომიკა და მომთხოვნი მომხმარებელი. საქართველო საოცარი ქვეყანაა - მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ციფრული ეკონომიკით. პირველივე დღიდან შევამჩნიეთ, რამდენად ღია იყო აქაური მომხმარებელი ონლაინ შეკვეთებისთვის. ფაქტობრივად, საქართველო ჩვენს 22 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეღწევადობის მქონე ბაზარია. ცნობისთვის, ჩვენს ყველაზე განვითარებულ ბაზრებზე - ესპანეთში 800 ქალაქში ვართ წარმოდგენილი, იტალიაში კი 600-ში.

- სამწუხაროდ, საქართველოში ამდენი ქალაქი არ გვაქვს...

- დიახ, თუმცა ეს აჩვენებს პოტენციალს. დღეს 10 ქალაქში ვართ და ეს შესანიშნავია. სხვათა შორის, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის გარეთ მდებარე ქალაქებმა უფრო სწრაფი ზრდა დაიწყეს, ვიდრე თავად დედაქალაქმა, რაც საყურადღებო ფაქტი მგონია.

- როგორ იცვლება მომხმარებლის მოლოდინები ციფრული და „on-demand“ სერვისების ეპოქაში, რა ტრენდებს ხედავთ საქართველოში თუ მსოფლიოში და როგორ ადაპტირდება Glovo ამ ცვალებად გარემოსთან?

- კარგი მაგალითია 11 წლის წინანდელი პერიოდი: როცა Glovo გავუშვით და მეგობრებს ვუთხარი, პირველი რეაქცია იყო - „ვაუ, ეს მართლა მუშაობსო!“. ათი წლის შემდეგ კი მომხმარებლის მოლოდინი სულ სხვაა - ჩვენ მათი ყოველდღიურობის ნაწილი გავხდით და მოთხოვნებიც გაიზარდა. ამიტომ, ჩვენი მთავარი აქცენტი სერვისის სრულყოფაზეა გადატანილი. თუ ვამბობთ 25 წუთს, უნდა შევძლოთ ამ დროში მიტანა. ყოველთვის ეს არ ხდება - ხან პარტნიორს არ აქვს პროდუქტი, ხან საცობია, მაგრამ ზოგადად, სერვისის ხარისხი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ვართ ბაზრის ლიდერები თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ კურიერებმა იცოდნენ ენა და შეძლონ მომხმარებელთან კომუნიკაცია. ჩვენ აქ გვყავს საოცარი ადგილობრივი გუნდი - Glovo Georgia-ს ქმნის ადგილობრივი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ ძალიან „ლოკალური“ კომპანია ვართ - ტექნოლოგიური, მაგრამ მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული.

- როგორ იყენებს Glovo ტექნოლოგიებსა და მონაცემებს ოპერაციული ეფექტურობისთვის და რამდენად დაცულია ეს ინფორმაცია? როგორ გეხმარებათ მონაცემები პერსონალიზაციაში და პარტნიორებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?

- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ Glovo მომხმარებლის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციას ფლობს. ჩვენ არ გვაქვს დემოგრაფიული მონაცემები - რეგისტრაციისთვის მხოლოდ მეილი, ტელეფონი და საკრედიტო ბარათია საჭირო. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მსუბუქ მონაცემებს ვიღებთ. სამაგიეროდ, ვიყენებთ აპლიკაციის მოხმარების ისტორიას, რათა მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ. ყოველივე ეს პერსონალური ინფორმაციის მოპოვების გარეშე ხდება. გარდა ამისა, პარტნიორები ბრენდის რეკლამირებისთვის Glovo-ს სულ უფრო ხშირად იყენებენ. ეს მხოლოდ გაყიდვებს აღარ გულისხმობს - საუბარია ხილვადობის გაზრდაზე. როცა მომხმარებელი აპლიკაციაში შედის, ის ხედავს, რა არის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ როცა მას რაღაც დასჭირდება - იქნება ეს წინდა, წყალი თუ საკვები - თქვენი ბრენდი ამოტივტივდეს მის მეხსიერებაში. რაც შეეხება უსაფრთხოებას და მომხმარებლების დაცვას, ვიმეორებ - ეს ჩვენთვის უმთავრესია.

- გადავიდეთ დასკვნით კითხვაზე: როგორ თანამშრომლობს Glovo ადგილობრივ ბიზნესთან ციფრული ეკონომიკის გასაძლიერებლად და რა შესაძლებლობებს უქმნის პლატფორმა კომპანიებს, რომლებსაც ზრდა ტექნოლოგიების მეშვეობით სურთ?

- როგორც ხედავთ, Glovo ადგილობრივ ბაზარზე ძლიერადაა წარმოდგენილი - ჩვენი ყვითელი ჩანთები ყველგან ჩანს. აქ გვყავს ადგილობრივი მენეჯმენტი და აქტიურად ვართ ჩართულნი ეკონომიკაში. ჩვენი პარტნიორების, მაღაზიებისა და რესტორნების უდიდესი ნაწილი ქართული კომპანიებია. გარდა ამისა, ვმუშაობთ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან. გვაქვს პროგრამა Tech Catalyst-ი, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სტარტაპებს მენტორინგითა თუ სხვა გზებით. მე თავად ვარ ჩართული GITA-ს პროგრამაში, რომელიც ადგილობრივ სტარტაპებსა და აქსელერატორებს ეხმარება. საქართველოში ხშირად სწორედ ამიტომ ჩამოვდივარ. ეს ორმხრივად მოგებიანია: რაც უფრო სწრაფად განვითარდება აქ ციფრული ეკონომიკა, მით უფრო გაფართოვდება Glovo-ც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია „დაბრუნების“ ე.წ. Giving Back პრინციპი. ჩვენს ოფისში 50-ზე მეტი ძალიან ნიჭიერი ადამიანი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით - ფინანსებში, მარკეტინგზე, მენეჯმენტში. გვსურს, ვიყოთ ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი და 10 წლის შემდეგაც დავრჩეთ ტექნოლოგიური გარემოს ერთ-ერთ მთავარი კატალიზატორად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები