აერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა მაღალი ავტორიტეტის მქონე უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჩატარებული ინსპექცია და კიდევ ერთხელ მიენიჭა კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი – PIC/S GMP. აღნიშნულით დასტურდება, რომ კომპანიაში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების (ტაბლეტი, კაფსულა) წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/კოოპერაციის სქემის (PIC/S) ჰარმონიზებულ GMP სტანდარტებთან, ევროკავშირის GMP დირექტივებთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.
PIC/S-ი სხვადასხვა ქვეყნის კარგი საწარმოო პრაქტიკის მარეგულირებელი ორგანოების მსოფლიო გაერთიანებაა, რომლის მთავარ მიზანს GMP ინსპექტირების წესების ჰარმონიზება წარმოადგენს, რაც საერთო სტანდარტების შემუშავებითა და კოოპერაციის სქემაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი ინსპექტორების მუდმივი გადამზადებით ხორციელდება. PIC/S-ი კონვენციაში მონაწილე მარეგულირებელ ორგანოებს, რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის გაძლიერების საუკეთესო პლატფორმაა. ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა და ამჟამად 56 ქვეყნის მარეგულირებელს აერთიანებს (ევროპის, ამერიკის, აზიის, ქვეყანები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სხვ.). უკრაინის მარეგულირებელი ორგანო PIC/S-ს გაერთიანებას 2011 წლიდან შეუერთდა. პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და უკრაინაა წარმომადგენელი აღნიშნულ გაერთიანებაში, რაც უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მაღალი რეპუტაციისა და ინსპექტორების მაღალი კვალიფიკაციის დადასტურებაა.
GM PHARMA-მ საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს მოიპოვა, მას შემდეგ კი უკვე მეხუთედ წარმატებით გადის აღნიშნულ ინსპექტირებას.
მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოებისა თუ ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის PIC/S-ის GMP სერტიფიცირება მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის სანდოობასთან და გლობალურ იმიჯთან, ფარმაცევტული პროდუქციის მაღალ ხარისხთან და უსაფრთხოების მყარ გარანტიებთან ასოცირდება. ამავე დროს, აღნიშნული სერტიფიკატი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, მათ შორის GM PHARMA-სთვის, შესაძლებლობაცაა, PIC/S-ის წევრ ზოგიერთ ქვეყნებში დაარეგისტრიროს და შეიტანოს პროდუქცია დამატებითი GMP-ინსპექტირების გარეშე, რაც კომპანიას საოპერაციო გეოგრაფიული არეალის გაფართოვების საშუალებას მისცემს.
GM PHARMA, PIC/S GMP სერტიფიკატთან ერთად, ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ეროვნულ თუ სხვა საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს, მაგ.: ნაციონალური GMP (საქართველო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI. ამასთან, GM PHARMA-ს წარმატებით აქვს გავლილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სტანდარტების შესაბამისობის რამდენიმე მნიშვნელოვანი აუდიტი:
2022 წ. – კომპანია PHARMAKON, დანია; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი. 2023 – Heacon Service GmbH, ფარმა-აუდიტის ჯგუფი, გერმანია.
2023 – Woodley BioReg, დიდი ბრიტანეთი.
აღნიშნული აუდიტები ადასტურებს GM PHARMA-ს მისწარფებას მუდმივ სრულყოფისა და ინოვაციებისადმი, და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის, როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის ფარმაცევტულ ინდუსტრიის ლიდერის, იმიჯს.
GM PHARMA 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის კომპანია >140 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში.
GM PHARMA ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში – ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება, მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა და ახალი ფარმაცევტული ბაზრების ათვისება, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოსა და GM PHARMA -ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.
GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!