მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMO სიმინდის იმპორტი და გადამუშავებაც უნდა დაიშვას - Nutrimax

nutrimax

ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსში“ აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებული სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვებასთან ერთად, GMO სიმინდის დაშვებაც უნდა მოხდეს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჩიტაიშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

Nutrimax-ში "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სოიოს შროტის დაშვება მათი პროდუქტის თვითღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„მიღწეული პოზიტიური შედეგის მიუხედავად, გაუგებარია, რატომ რჩება ამ ცვლილების მიღმა გენმოდიფიცირებული სიმინდი, რომელიც ცხოველისა და ფრინველის საკვების წარმოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. თუ სოიოს შემთხვევაში სახელმწიფო შესაძლებლად მიიჩნევს აღმოცენადობის რისკების მართვას შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით, კონტროლის მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ანალოგიური მიდგომის გამოყენება სიმინდის შემთხვევაშიც.

დღეის მდგომარეობით, არსებული რეგულაციის სიმკაცრისა და იმპორტის პროცედურების დროში გაწელვის გამო, რაც ძირითადად GMO ანალიზებსა და დამატებით გადამოწმებებს უკავშირდება, მთელმარცვლიანი სიმინდის იმპორტი ფაქტობრივად ძალიან მცირე რაოდენობით ხდება. აღნიშნული გარემოება იმპორტიორებს მნიშვნელოვნად აფერხებს, რაც პირდაპირ ნეგატიურად აისახება სიმინდის ხელმისაწვდომობასა და მის საბოლოო ფასზე წარმოებაში.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში აუცილებლად იქნეს განხილული გენმოდიფიცირებული სიმინდის საკითხიც და მის მიმართაც ამოქმედდეს ისეთივე რისკების მართვის მექანიზმები, როგორიც გათვალისწინებულია სოიოს შემთხვევაში. ეს რეალურად შეუწყობს ხელს ცხოველთა კვების ინდუსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ხელმისაწვდომობის ზრდას, წარმოების ხარჯების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, მთლიანი სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას“, - განმარტავს გიორგი ჩიტაიშვილი.

GMO სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვება ცხოველთა კვების ღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს|Nutrimax

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები