მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMO სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვება ცხოველთა კვების ღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს|Nutrimax

Nutrimax

ცხოველთა კვების ადგილობრივი მწარმოებელ კომპანია Nutrimax-ში ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გადამუშავების დაშვებასა და ამ საქმიანობის ლიცენზირებას დადებითად აფასებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ გმო სოიოს შროტის იმპორტის და წარმოების დაშვება ნედლეულზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც ცხოველთა საკვების თვითღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქმე ის არის, რომ საქართველოში ცოცხალი გენმოდფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. ლიცენზია 20 000 ლარი ეღირება და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. აღნიშნული ცვლილებები "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, გმო სოიოს შროტის იმპორტი და გადამუშავება მხოლოდ ცხოველთა კვების წარმოების მიზნობრიობით იქნება შესაძლებელი. ამასთან, „პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი“. კანონის მიღების შემდეგ კი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შექმნა ევალება, რომელშიც ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება.

აღნიშნული ცვლილების შესაფასებლად BM.GE ცხოველთა კვების მწარმოებელ Nutrimax-ს დაუკავშირდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიტაიშვილი აღნიშნავს, რომ Nutrimax-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან მანამდე აქტიური კომუნიკაცია გენმოდიფიცირებული სიმინდის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჰქონდათ, თუმცა კომპანია პარლამენტში კანონპროექტის მომზადებისა და ინიციირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. „შესაბამისად, ჩვენ არც საკანონმდებლო ცვლილების მომზადების განხილვებში არ მიგვიღია მონაწილეობა“, - აღნიშნავს ჩიტაიშვილი.

მათი შეფასებით, ცვლილების შედეგად შესაძლებელია ბაზარზე გაჩნდეს დამატებითი ნედლეულის წყაროები, მაგალითად სოიოს შროტი, რომლითაც უკვე ადგილობრივად წარმოება გახდება შესაძლებელი - მარცვლის იმპორტისა და მისი საქართველოში გადამუშავების გზით.

„დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პროდუქტი ქვეყანაში ძირითადად უკვე გადამუშავებული სახით შემოდის, რაც ბუნებრივად ზრდის მის საბოლოო თვითღირებულებას. ადგილობრივი გადამუშავების დაშვება კი დიდი ალბათობით შეამცირებს მასზე ფასს, მეტად სტაბილურს გახდის მიწოდებას და გაზრდის ხელმისაწვდომობას. ეს კი ცხოველთა საკვების თვითღირებულებაზე და შესაბამისად ხორცის, კვერცხისა და სხვა პროდუქტების ფასებზე დადებითად აისახება ანუ ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

თუმცა კომპანიაში, გენმოდიფიცირებული სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვებასთან ერთად, მკაცრად რეგულირებული ჩარჩოს ფარგლებში გმო სიმინდის იმპორტის დაშვების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მიღწეული პოზიტიური შედეგის მიუხედავად, გაუგებარია, რატომ რჩება ამ ცვლილების მიღმა გენმოდიფიცირებული სიმინდი, რომელიც ცხოველისა და ფრინველის საკვების წარმოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. თუ სოიოს შემთხვევაში სახელმწიფო შესაძლებლად მიიჩნევს აღმოცენადობის რისკების მართვას შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით, კონტროლის მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ანალოგიური მიდგომის გამოყენება სიმინდის შემთხვევაშიც.

დღეის მდგომარეობით, არსებული რეგულაციის სიმკაცრისა და იმპორტის პროცედურების დროში გაწელვის გამო, რაც ძირითადად GMO ანალიზებსა და დამატებით გადამოწმებებს უკავშირდება, მთელმარცვლიანი სიმინდის იმპორტი ფაქტობრივად ძალიან მცირე რაოდენობით ხდება. აღნიშნული გარემოება იმპორტიორებს მნიშვნელოვნად აფერხებს, რაც პირდაპირ, ნეგატიურად აისახება სიმინდის ხელმისაწვდომობასა და მის საბოლოო ფასზე წარმოებაში.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში აუცილებლად იქნეს განხილული გენმოდიფიცირებული სიმინდის საკითხიც და მის მიმართაც ამოქმედდეს ისეთივე რისკების მართვის მექანიზმები, როგორიც გათვალისწინებულია სოიოს შემთხვევაში. ეს რეალურად შეუწყობს ხელს ცხოველთა კვების ინდუსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ხელმისაწვდომობის ზრდას, წარმოების ხარჯების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, მთლიანი სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას“, - განმარტავს გიორგი ჩიტაიშვილი.

კითხვაზე - რამდენად მისაღებია დაინტერესებული პირებისთვის ლიცენზირების 20 000-ლარიანი საფასურის გადახდა, Nutrimax-ში ასე პასუხობენ: „იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც სახელმწიფო ასახელებს გმო პროდუქტებთან დაკავშირებით, ლიცენზირებისა და რეგულაციების არსებობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. თუმცა ლიცენზიის საფასური 20 000 ლარი, არ უნდა განვიხილოთ ცალკე მდგომ, იზოლირებულ რიცხვად, ის უნდა აღვიქვათ იმ საერთო მარეგულირებელ პაკეტში, რომელიც სახელმწიფომ რისკების დასაზღვევად უნდა შექმნას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები