საქართველოში ცოცხალი გენმოდფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. ლიცენზია 20 000 ლარი ეღირება და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. აღნიშნული ცვლილებები "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.
პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დღეს საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და გადამუშავება ცხოველის საკვების წარმოების მიზნით დაშვებული არაა და მოთხოვნა ამ პროდუქტზე სრულად იმპორტზე დამოკიდებულია. ”ეს ზრდის როგორც ფასების მერყეობის, ისე მიწოდების რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის, გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვლის იმპორტისა და ადგილობრივი გადამუშავების დაშვება მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოს ფარგლებში“ - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. შესაბამისად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და გადამუშავება მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე საკვების საწარმოებლად იქნება ნებადართული და არა ღია ბაზარზე რეალიზაციისა ან რეექსპორტის მიზნებისთვის.
ცვლილებების შესაბამისად გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრის შექმნა ევალება, რომელშიც ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.
„პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი“ - განმარტავენ კანონმდებლები.
ცვლილებების შედეგად, საქართველოში მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმ სახეობის იმპორტი და გადამუშავება გახდება შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად არის განკუთვნილი. „გენმოდიფიცირებული სოიოს იმპორტის და გადამუშავების დაშვება (ლიცენზიის საფუძველზე), მკაცრი კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების პირობებში (ცხოველის საკვების წარმოებისთვის), უზრუნველყოფს მიწოდების სტაბილურობას, ამცირებს ფასებზე ზეწოლას და ქმნის საფუძველს ადგილობრივი წარმოების მდგრადი განვითარებისათვის“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნული ცვლილებებით ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და ბიოუსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობებზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ: „ეკონომიკური თვალსაზრისით, ადგილობრივი გადამუშავების განვითარება ქმნის რამდენიმე მნიშვნელოვან ეფექტს - მცირდება იმპორტზე დამოკიდებულება მზა პროდუქტის (შროტის) ნაწილში და იზრდება ღირებულების შექმნა ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, წარმოების ლოკალიზაცია ამცირებს ლოგისტიკურ და ტრანსპორტირების ხარჯებს, რაც საბოლოოდ პოზიტიურად აისახება საკვების თვითღირებულებაზე და შესაბამისად, მეცხოველეობის პროდუქციის ფასებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის ეკონომიკურ აქტივობას, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და აძლიერებს სექტორის კონკურენტუნარიანობას. მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური ასპექტიც, მაგალითად სოიოს მარცვლის გადამუშავების პროცესში (თერმული და მექანიკური ზემოქმედების შედეგად) პროდუქტი კარგავს გამრავლების უნარს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს გარემოსდაცვით რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია გენმოდიფიცირებული კულტურების გავრცელებასთან“.
ვადები
კანონის ძირითადი ცვლილებები 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, რადგან პირველი მუხლით გათვალისწინებული წესების ამოქმედება საქართველოს მთავრობის მიერ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობათა შესახებ დადგენილების მიღებასთან არის დაკავშირებული, რომელიც მთავრობამ 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიიღოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის ფორმა.
ზედამხედველობა:
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს შემოსავლების სამსახური და საჭირო ხარჯები ფინანსთა სამინისტროს ამ სსიპ-ის ასიგნებებიდან დაფინანსდება.
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის გაცემას კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები
კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. კანონის პროექტის მიხედვით ცვლილებები შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავებისთვის წესდება სალიცენზიო მოსაკრებელი 20 000 ლარის ოდენობით. „შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან შესაბამის თანხას. გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სრულად დამოკიდებული იქნება იმ სუბიექტების ოდენობაზე, რომლებიც განახორციელებენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ჯარიმები
ამ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა და საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელება. რაც ასევე გაზრდის ბიუჯეტის შემოსულობებს, თუმცა ზრდა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე.
„საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე დაჯარიმდება 25 000 ლარით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000 ლარით“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
"ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების პაკეტი პარლამენტის წევრებმა შოთა ბერეკაშვილმა, მაია ბითაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, გიორგი ბარვენაშვილმა, ილია ინჯიამ, თორნიკე ბერეკაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, გიორგი ჭყონიამ, გიორგი ხახუბიამ, დავით დოლიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა შეიმუშავეს და საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარადგინეს. დეპუტატები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.




























