საქართველოს მთავრობა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ცვლილებათა" სახეცვლილ პაკეტს მომავალ კვირაში წარადგენს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბიუროს პირველ სხდომაზე განაცხადა.
„ტექნიკურად ამ პაკეტის გაწვევაა საჭირო. დაგეგმილია, როგორც თავიდან იყო გაცხადებული სამართალდაცვის ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, არ შეიქმნას რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და იგეგმება რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება, როგორც იყო თავის დროზე სანამ ეს უწყება გაიყოფოდა.
ეს ცვლილებები იმ ფუნქციისთვის იყო განპირობებული, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა ეკისრა მთავრობაში და ჩვენ მისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. მისი გადაწყვეტილება დასანანია. მინდა მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება რა გეგმებიც აქვს მას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილიც ესწერებოდა, რომელმაც განმარტა:
„აღნიშნული ინიციატივა ეხება საქართველოს მთავრობაში რეგიონული პოლიტიის საკითხების მართვის ინსტიტუციური მოდელის ცვლილებას, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს განსხვავებულ მოდელზე, რომლითაც მთავრობა თქვენს წინაშე საკანონმდებლო ინიციატივით უახლოეს პერიოდში წარდგება. ამ იინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა აღარ დგას და გადაწყვეტილების მიღებისას ეს საკითხი რომ გაითვალისწინოთ“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.




























