კომპანია "ბიოფარმი", GMP სერტიფიკატის მიღების შემდეგ, თავისი წარმოების საინიექციო ხსნარებისა და ეუბიოტიკების გაყიდვების საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენელმა "ფასების საპარლამენტო კომიტეტის" სხდომაზე მედიკამენტების ადგილობრივი მწარმოებლების მოსმენისას განაცხადა, რომ დღეისთვის კომპანია სრულად 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული.
წარმოებას საქართველოში გაყიდვები GMP სერტიფიკატის არ არსებობის გამო 2022 წლიდან აქვს შეჩერებული და სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დღემდე წარმოებაში საკუთარი ინვესტიციები აქვთ განხორციელებული. თუმცა კომპანია ინვესტირებას ვეღარ აგრძელებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამის მიზეზი გაძვირებული საკრედიტო რესურსია. მისი თქმით, ეს GMP სტანდარტებზე გადაწყობას აფერხებს. "ბიოფარმის" წარმომადგენელი მთავრობას მიმართავს.
"სააქციო საზოგადოება „ბიოფარმი“ 1996 წელს დაარსდა. ვაწარმოებთ საინიექციო ხსნარებს, სტერილურ პრეპარატებს და ეუბიოტიკებს. ძირითადად, ჩვენი პრეპარატები მოიხმარება საავადმყოფოში და სასწრაფო დახმარების ქსელში იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვოპერირებთ. კომპანია თავიდანვე ექსპორტზე იყო ორიენტირებული. დღეისთვის პრეპარატები 8 ქვეყანაში გაგვაქვს, ამიერკავკასიის ქვეყნები, ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის გარდა, მოლდოვაში, ლიეტუვასა და ბულგარეთში. 100%-ით ექსპორტზე ვმუშაობთ. ადგილობრივ ბაზარზე არ ვმუშაობთ, რადგან არ გვაქვს GMP-სერტიფიკატი და ვართ გარდამავალ ეტაპზე ამ სერტიფიკატის მოპოვების გზაზე. იმედი მაქვს, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ექსპორტის მიმართულებით რა პრეპარატებიც გვაქვს დარეგისტრირებული მათ რეალიზაციაზე პრობლემა არ გვექმნება, რადგან ვადა გვაქვს ჯერ კიდევ, როგორც კი გაუთავდება ვადა, შემდეგ შეგვექმნება ეს პრობლემა. ამიტომ ძალიან ვჩქარობთ GMP სერტიფიკატის მიღებას.
ჩვენი პრობლემა რაც არის - GMP სტრანდარტზე გადასასვლელად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული ჩვენი ძალებით. ეს საკითხი ადრეც დავსვი პრემიერთან შეხვედრაზე საკრედიტო რესურსების მოპოვება რთულია, რადგან ქვეყანაში მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ამასთან, ჩვენი წარმოება ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასი გვქონდეს, რადგან ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ კონკურენციას ისეთ გიგანტებს ვუწევთ, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და სხვა მწარმოებლები. ამ ბაზარზე მიუხედავად იმისა რომ GMP სერტიფიკატი ჯერ არ გვაქვს საკმაოდ მყარ პოზიციებს ვინარჩუნებთ და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, GMP სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ დავბრუნდებით საქართველოს ბაზარზე და კონკურენციას გავუწევთ იმპორტირებულ პროდუქტს და ფასიც შესაბამისი გვექნება", - განაცხადა "ბიოფარმის" წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლიდან მათ პროდუქტზე ფასები არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ფასები ნედლეულზე, ენერგომატარებლებზე. ის ამბობს, რომ საქართველოში გაყიდვების აღდგენის შემდეგ ადგილობრივი წარმოების საინიექციო ხსნარებით იმპორტის დიდი ნაწილი ჩანაცვლდება.
"საქართველოს ბაზარზე დაბრუნების შემდეგ საინიექციო ხსნარების, ეუბიოტიკების კუთხით იმპორტის ძირითად ნაწილს ჩავანაცვლებთ. ეს დამოკიდებულია თანხებზე. ჩვენ ჯენერიკულ პრეპარატებს ვაწარმოებთ და ამ ტიპის მედიკამენტებზე ფასნამატი ძალიან დაბალია, ამგვარად ჩვენი ძალებით ამ ყველაფერს ვეღარ ვაფინანსებთ, აქედან გამომდინარე აუცილებელია კომპანიის დაკრედიტება და სესხის ხარჯების შემცირება, სხვაგვარად კომპანია ვერ განვითარდება.
ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვქონდა პრემიერის მხრიდან, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. სათხოვარი ის გვექნება, რომ მწარმოებლებს პრობლემები გვაქვს, არ მინდა დაკონკრეტება, რა პრობლემები გვაქვს და გვინდა, ისინი ოპერატიულად გადაწყდეს", - განაცხადა "ბიოფარმის" წარმომადგენელმა.




























