საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
„ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თუმცა GNTA-ში არ აკონკრეტებენ, რა თანხები დაიხარჯა ამ ღონისძიებებისთვის.
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად, ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებები გააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
2025 წლის შეფასების ჭრილში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ჩატარებულ პროექტებსაც აღნიშნავს.
„ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფესტივალები და ტურები გაიმართა. ადმინისტრაციის პროექტებში აქტიურად ჩართული იყო კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა.
წლის დასაწყისში, ზამთრის სეზონზე, სამთო კურორტების პოპულარიზაციისათვის, მესტიასა და გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ჩატარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცე.
ფესტივალი „გემო“ გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ბორჯომსა და შეკვეთილში.
ფესტივალში ღვინის, კვებისა და სამეწარმეო ობიექტები მონაწილეობდნენ. ფესტივალში 53 მეწარმე იყო ჩართული. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფესტივალების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მთელი წლის განმავლობაში, სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, კახეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და თუშეთში გასტრონომიული და გაცნობითი ტურები მოაწყო.
ღონისძიებებში ტუროპერატორები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, ბლოგერები და შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.
გაცნობითი ტურების მიზანია რეგიონებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.




























