საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) თბილისის მიმდებარედ, სოფელ სართიჭალაში არსებული ნავთობბაზისა და ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტის მოდერნიზაციისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა.
BMG-ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს, რომ ობიექტი ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და იქ ინვესტორებისა და კორპორაციის მიერ მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება.
კორპორაციის თანახმად, ნავთობბაზა და ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
"დროთა განმავლობაში მისი ინფრასტრუქტურა მოძველდა, მილსადენები დაზიანდა და გამართულ ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქრა.
ობიექტი აერთიანებს, ჯამში, 50 ათასი კუბური მეტრის მოცულობის მქონე რეზერვუარებს, ღუმელებსა და სატუმბ სადგურებს, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებენ. შექმნილმა მდგომარეობამ მისი რეაბილიტაციის აუცილებლობა წარმოშვა, რაც თითოეული ინფრასტრუქტურული ნაწილის კაპიტალურ განახლებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპისთვის, ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი 15 ჰექტარს იკავებს. მოდერნიზაციის ფარგლებში შემცირდება ათვისებული ტერიტორიაც და ინფრასტრუქტურა უფრო კომპაქტურად განლაგდება, რაც, ერთის მხრივ, მეტად მოერგება მის ამჟამინდელ საჭიროებებს და მეორეს მხრივ, დაზოგავს ხარჯებს.
ბაზრის კვლევა, განსაზღვრული პირობების მიხედვით, პოტენციური შემსრულებლების გამოვლენას და მათი მხრიდან, წინასწარი საფასურის შემოთავაზებას ემსახურება. ამ ყველაფრის შემდეგ კი, დადგენილი ფასის შესაბამისად, ტენდერი გამოცხადდება.
შემოთავაზებები, 2024 წლის 23 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა იყოს წარმოდგენილი,"- ნათქვამია კორპორაციის პასუხში.