მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მუდმივი სიფხიზლე ინფლაციის მიმართ - IMF-ის რჩევები

63233884f07ae
თელარა გელანტია
15.09.22 18:34
436
IMF-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა. როგორც მისიის შემაჯამებელ პრესრელიზშია აღნიშნული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება.

„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9%-მდე გავზარდეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ რეალიზებულა. ეკონომიკის ზრდამ განამტკიცა საბანკო სექტორის მდგრადობა. ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება.

გაურკვევლობა უჩვეულოდ მაღალია და არის შესამჩნევი დაღმავალი რისკები, მათ შორის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მკვეთრი შენელების, გლობალური ფინანსური პირობები გამკაცრების, ტურიზმისა და სხვა გარე წყაროებიდან შემოდინების შესაძლო შესუსტების და საქონლის მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნების გამო. ეს რთული გარემო მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას, განსაკუთრებით გაცვლითი კურსის მოქნილობას და ფისკალური და სავალუტო ბუფერების დაგროვებას, ასევე ინფლაციური მოლოდინების მართვას.

2022 წლის ბიუჯეტის შესრულება პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს, შემოსავლები მოსალოდნელზე მაღალია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ინფლაცია. მოსალოდნელზე აღმატებით მიღებული შემოსავლის დაზოგვა გააძლიერებს ფისკალურ ბუფერებს და ხელს შეუწყობს ინფლაციური ზეწოლის შეკავებას. 2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური წესების დაცვა, საქართველოს სსფ-ის მხარდაჭერილი პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები. სებ-მა უნდა გააგრძელოს ინფლაციის დინამიკაზე ზედმიწევნითი დაკვირვება და მზად იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი აწევისთვის თუ ინფლაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდება ან მაღალ დონეზე შენარჩუნების ნიშნები გამოიკვეთა“, - ნათქვამია IMF-ის შემაჯამებელ პრესრელიზში.