ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Google-მა დააანონსა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს და მის ფარგლებში ანდრა პრადეშის შტატში AI დატა ცენტრს ააშენებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ინდოეთში გახსნილი ობიექტი Google-ის ყველაზე მსხვილი დატა ცენტრი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა. ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის განკუთვნილი დატა ცენტრის სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მშენებლობის პერიოდში, მომდევნო 5 წელიწადში, ასევე ოპერირების წლებში ჯამურად 188,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც შტატის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამერიკული ტექ-გიგანტის მიერ მსგავსი მასშტაბის პროექტის ინდოეთში დაწყება მიუთითებს, რომ მსხვილი კომპანიებისთვის ოფიციალურ მთავრობებს შორის დაპირისპირებები ნაკლებად მნიშვნელოვანია და მათი პრიორიტეტი იმ არსებული გამოწვევების გამკლავებაა, რომლებიც თავად სექტორს უდგას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის ართქმის გამო ინდოეთს უპრეცედენტო ტარიფები დაუწესა და მათი გაზრდით იმუქრება, თუ ოფიციალური ნიუ დელი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ ანდრა პრადეშში $15-მილიარდიანი დატა ცენტრის აშენება Google-ის ბოლო გაჩერება არ არის. კომპანიას მიზნად აქვს დასახული, რომ მომავალ წლებში შტატების მიღმა $85 მილიარდის ინვესტიციები ჩადოს და AI დატა ცენტრების დეცენტრალიზაცია მოახდინოს. რაც ამ შემთხვევაში დაემთხვა სამხრეთ-ინდური შტატის მიზნებს, რომელსაც სურს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებიდან მასშტაბური ინვესტიციები მოიზიდოს და მათ, ჯამურად, 6 გიგავატის დატა ცენტრები ააშენებინოს.




























