Google-მა SpaceX-თან კომპანიის გამოთვლითი სიმძლავრის ქირაობის თაობაზე შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, 32 თვის განმავლობაში Google ყოველთვიურად 920 მილიონ დოლარს გადაიხდის.
სულ რაღაც ხუთი წლის წინ თავად Google დათანხმდა SpaceX-ისთვის გამოთვლითი რესურსების მიწოდებას, რათა მას Starlink-ის თანამგზავრების მეშვეობით ინტერნეტ-სერვისი უზრუნველყო. თუმცა მას შემდეგ, რაც 2026 წლის თებერვალში SpaceX-მა ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI შეიძინა - ორივეს ილონ მასკი ფლობს - ის აშშ-ში რამდენიმე მასშტაბურ მონაცემთა ცენტრს მართავს, რომელთა ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე 2 გიგავატს აღემატება, ხოლო SpaceX/AI-ს ერთობლივი სავარაუდო ღირებულება ახლა 1.25 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
გარიგება SpaceX-ის ბირჟაზე დალისტვამდე (IPO) რამდენიმე დღით ადრე შედგა. კომპანიამ მსგავსი შეთანხმება მაისში Anthropic-თანაც დააანონსა.
Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet-მა SpaceX-ში ინვესტიცია 2015 წელს განახორციელა, როდესაც კომპანია მხოლოდ 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღეს SpaceX ბირჟაზე გასვლას 1.75 ტრილიონ დოლარზე მეტი შეფასებით გეგმავს. მოსალოდნელია, რომ Google-თან გარიგება IPO-ს შეფასებას კიდევ უფრო გაზრდის.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი გამოთვლითი ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული სტრატეგია სიმძლავრის გადანაწილებისა და მონეტიზაციის კუთხით მნიშვნელოვან მოქნილობას გვაძლევს," - დაწერა SpaceX-მა IPO-ს განაცხადში.
წარდგენილი მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, Google SpaceX-ის მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ Nvidia-ს 110 000 GPU-ს, პროცესორებსა და მეხსიერების კომპონენტებს გამოიყენებს.
გამოყენების პერიოდი 2026 წლის ოქტომბრიდან 2029 წლის ივნისამდე განისაზღვრება.
შეთანხმების თანახმად, თუ SpaceX ვერ უზრუნველყოფს "დათქმული რაოდენობის GPU-ებზე წვდომას 2026 წლის 30 სექტემბრისთვის", Google-ს შეუძლია, დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ან ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ მიწოდებული GPU-ები შემცირებულ ფასად მიიღოს.




























