ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ახალი ფლაგმანური სმარტფონები, Pixel 8 და 8 Pro წარმოადგინა. წლის მთავარი სიახლე ხელოვნური ინტელექტს უკავშირდება, ახალი სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ AI-მოწყობილობა უფროა, ვიდრე ტელეფონი.
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ჩართულია Pixel-ის გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს: საუბარი, კითხვა, ყურება, გართობა, მუშაობა თუ ფოტოების გადაღება. ხელოვნური ინტელექტი ავტომატურ რეჟიმში ახდენს სმარტფონის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებას და თქვენი ცხოვრების გამარტივებას. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ChatGPT და Bard-ი ტელეფონის გამოყენებისას მუდმივად ჩართული გექნებათ - სწორედ ასეთი გამოცდილება იქნება Pixel 8-ს გამოყენება.
ახლა კი სმარტფონის ტექნიკურ დეტალებს რომ დავუბრუნდეთ. ტრადიციულად, Google-ი საკუთარ ჩიპებს იყენებს და ამჯერად Pixel-ის მე-8 სერიაში 4-ნანომეტრიან Tensor G3-ის ტიპის ჩიპებს ვხედავთ. ცხადია, ეს პროცესორი G2-თან შედარებით გაცილებით სწრაფი და მძლავრი იქნება, თუმცა ზუსტი მონაცემები კომპანიას არ გაუსაჯაროებია.
ტექნიკურად მთავარი განახლება ტელეფონის ეკრანს უკავშირდება. Pro ვერსიის ეკრანის ზომა 6.7 ინჩს შეადგენს და მისი სიკაშკაზე 2,400 ნიტს აღწევს, რაც ინდუსტრიის საუკეთესო შედეგია და iPhone 15 Pro Max-ის მაჩვენებელს ის 400-ით აჭარბებს. ასეთი მაღალი სიკაშკაშე იმის გარანტია, რომ სმარტფონის ეკრანი მზიან ამინდშიც იდეალურად გარჩევადი იქნება.
Pro ვერსიას წელს ოპტიკური თერმომეტრიც დაემატა, რომელიც ნებისმიერი საგნის და არსების ტემპერატურის გაზომვას შეძლებს, იქნება ეს: ადამიანი, ძაღლი, ღუმელი, ნაყინი თუ უბრალოდ ოთახის კედლები.
წელს კამერებთან დაკავშირებითაც საინტერესო სიახლეებია. მთავარი კამერა 50-მეგაპიქსელიანია; სმარტფონს აგრეთვე აქვს 5X გადიდების მქონე ოპტიკური კამერა, რომელიც 48-მეგაპიქსელიანია; ასევე, Pro ვერსია აღჭურვილია მესამე, 48-მეგაპიქსელიანი ულტრაგანიერი კამერით.
წლების განმავლობაში, Google Pixel-ის კამერებს ექსპერტები, ტექნიკური თვალსაზრისით, საუკეთესოდ ასახელებდნენ. წელს კი Google-მა უბრალოდ საუკეთესოობა არ იმყოფინა და საერთოდ აბსურდულობაში გადავიდა.
დროა, Pixel 8-ს მაგიურ შესაძლებლობებზე გადავინაცვლოთ. უმძლავრესი კამერებისა და ხელოვნური ინტელექტის წყალობით, Pixel 8-ს ფოტოების და ვიდეოკადრების არსებითად შეცვლა შეუძლია. მაგალითად, ფოტოდან და ვიდეოდან შეგიძლიათ უბრალოდ წაშალოთ ნებისმიერი ადამიანი, ნივთი, მანქანა ან საერთოდაც უკან მდგომი შენობა.
ასევე, ჯგუფური ფოტოს გადაღებისას შეგიძლიათ ტელეფონს დაავალოთ რამდენიმე ფოტოს ერთდროულად გადაღება, რომელთაც შემდეგ ხელოვნური ინტელექტი შეაჯამებს და ერთ იდეალურ ფოტოს მოგცემთ, რომელშიც ჯგუფში მდგომ არცერთ ადამიანს არც თვალები ექნება დახუჭული და არც სახე ექნება გაშტერებული. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, Pixel-ის დახმარებით ფოტოზე აღბეჭდილი კადრი ის იქნება, რაც თქვენ გინდათ და არც ის, რაც რეალურადაა.
გარდა ამ ყველაფრისა, ხელოვნურ ინტელექტს წარსულში გადაღებული ფოტოს და ვიდეოს გაუმჯობესებაც შეუძლია. თქვენ უბრალოდ გაეცით ბრძანება და Google-ის ხელოვნური ინტელექტი 10 წლის წინ გადაღებულ ვიდეოს ისეთად აქცევს, თითქოს ის გუშინ იყოს გადაღებული Pixel 8-ს კამერით.
მოკლედ, ახალი სმარტფონების გამოშვებით Google-მა ობიექტურ ფოტოგრაფიას აზრი დაუკარგა, რეალობა ზუსტად ის იქნება, რასაც თქვენ და ხელოვნური ინტელექტი მოისურვებთ.