მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-მა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელები და ინსტრუმენტები წარადგინა

Google I/O 2026
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Google-მა ყოველწლიურ კონფერენცია Google I/O 2026-ზე ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, აგენტები და ინსტრუმენტები წარადგინა. კომპანიამ მომხმარებლებს გააცნო მისი ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ს ახალი მოდელი - Gemini 3.5 Flash-ი, რომელიც აჭარბებს Gemini-ს ამჟამინდელი Pro ვერსიის შესაძლებლობებს და გამოირჩევა მაღალი სიჩქარით. ის დეველოპერულ პლატფორმა Google Antigravity-ზე, Gemini API-სა და Android Studio-ში, ისევე, როგორც ჩვეულებრივი გამოყენებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ახალმა მოდელმა კოდირების ისეთ რთულ ტესტებში, როგორიცაა Terminal-Bench 2.1, GDPval-AA და MCP Atlas-ი, Gemini 3.1 Pro ვერსიას აჯობა. როგორც Google-ში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი ხარისხისა და სისწრაფის ოპტიმალურ ბალანსზე მიუთითებს. ის გრძელვადიანი დავალებების შესასრულებლად, მათ შორის კოდის ბაზების მართვისა და ფინანსური დოკუმენტების მოსამზადებლად ეფექტური იქნება. ღონისძიებაზე გაირკვა ისიც, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს Gemini 3.5 Pro მოდელზე, რომელსაც Google-ი მომავალ თვეში გამოუშვებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Google-მა ვიდეოების გენერირების ახალი მოდელი, Gemini Omni-ც გამოუშვა, რომელიც ნებისმიერი ტიპის მონაცემიდან ახალი ვიდეოკონტენტის შექმნას უზრუნველყოფს. მას ფიზიკის კანონების, გრავიტაციისა და სითხის დინამიკის ზუსტი აღქმა ახასიათებს. ამ მოდელით შექმნილ ვიდეოებს ციფრული ნიშანი SynthID ედება, რომლის შემოწმებაც Gemini-ს აპლიკაციაში, Chrome-სა და საძიებო სისტემაში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნი ფაქტია, რომ Gemini Omni-ს Flash ვერსია Google AI Plus, Pro და Ultra გამომწერებისთვის Google Flow პლატფორმასა და Gemini-ს აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია. ის 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის YouTube Shorts Remix-სა და YouTube Create აპლიკაციებშიც უფასოდ ჩაეშვა. ეს სისტემა მომხმარებლებს პერსონალური ხელოვნური ინტელექტის ავატარების შექმნისა და პერსონაჟების იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობას სთავაზობს. პარალელურად, მომხმარებლებს მარტივი მითითებებით კინემატოგრაფიული ელემენტების დამატება და ფონის შეცვლაც შეეძლებათ. სისტემა ნებისმიერ ფოტო, ტექსტურ, ვიდეო თუ აუდიო წყაროს ერთიან კონტენტად გარდაქმნის.

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ ვრცლად ისაუბრა Gemini-ზე გაზრდილ მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ დღეს Google-ის AI მოდელს თვიურად 900 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი აქამდე მხოლოდ OpenAI-ს ჩეთბოტ ChatGPT-ს ჰქონდა დაფიქსირებული. ამასთან, მან თქვა, რომ ყოველთვიურად მომხმარებლები 3.2 კვადრილიონ ტოკენს ხარჯავენ, რაც ბაზრის აბსოლუტური რეკორდია.

მონაცემებზე საუბრისას პიჩაიმ ახსენა Google-ის საძიებო სისტემაში ჩამატებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელ AI Mode-ზე გაზრდილი მოთხოვნაც. მისი თქმით, ამ სივრცეს ყოველთვიურად 1 მილიარდი ადამიანი სტუმრობს. AI Mode-ზე საუბრისას აღმასრულებელმა დირექტორმა დააანონსა მნიშვნელოვანი ცვლილებაც - ამიერიდან ეს სექციაც Gemini 3.5 Flash-ის მოდელზე იმუშავებს, რაც მის რეაქციებს მეტად ლოგიკურს, მოქნილსა და პერსონალიზებულს გახდის. ამ ცვლილების ფონზე, თავად საძიებო ველიც ტრანსფორმირდა და ბოლო 25 წლის განმავლობაში, დიზაინის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად პირველად განახლდა. ეს ცვლილება ინფორმაციის ტექსტის, ფოტოების, ფაილების, ვიდეოებისა და Chrome-ის ტაბების საშუალებით მოძიებას გულისხმობს. ის მალე ქართულ Chrome-შიც მალე გამოჩნდება.

კომპანიამ მომხმარებლებს ასევე წარუდგინა ახალი პერსონალური ასისტენტი Gemini Spark-ი, რომელიც მოწყობილობების, ვთქვათ, კომპიუტერის გამორთვის შემთხვევაშიც კი ფონურ რეჟიმში მუშაობს. Gemini 3.5 მოდელზე დაფუძნებული ასისტენტის ბეტა ვერსია მომავალ კვირაში აშშ-ში Google AI Ultra გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ზაფხულის განმავლობაში კი მას გადახდების ავტორიზაციისა და სპეციალური ქვეაგენტების შექმნის ფუნქციები დაემატება. განმარტებისთვის, Spark-ს შეეძლება, თქვენი პრეფერენციების, სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით მოიძიოს საჭირო პროდუქტები, იპოვოს ბაზარზე საუკეთესო ფასები და თქვენივე ინტერესების გათვალისწინებით შეიძინოს ისინი.

პარალელურად, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Daily Brief ასისტენტი, რომელიც ელექტრონულ ფოსტასა და კალენდარს ღამის განმავლობაში გააანალიზებს და ყოველ დილით შეგახსენებთ, თუ რა გაქვთ დაგეგმილი.

Google-მა სამუშაო პროცესების გასამარტივებლად შეიმუშავა Docs Live ინსტრუმენტიც, რომელიც დოკუმენტების ხმოვანი ბრძანებებით რედაქტირებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება დეველოპერულ ინსტრუმენტებს, კომპანია Google AI Studio-ს განახლებულ აპლიკაციას უახლოეს პერიოდში გამოუშვებს. მომხმარებლები Android აპლიკაციების შექმნასა და პირველადი ვერსიების Google Cloud-ზე უფასოდ განთავსებას უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ. პროექტების ექსპორტირება ლოკალური დეველოპმენტისთვის პირდაპირ Google Antigravity პლატფორმაზე განხორციელდება. ინტერფეისის დიზაინის ავტომატური გენერირებისთვის კი სპეციალური Build ასისტენტი Nano Banana-ს ტექნოლოგიას გამოიყენებს.

საყურადღებო ცვლილება, რომელიც სწორედ Google I/O 2026-ზე გახდა ცნობილი, არის ის, რომ ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაყენებლად კომპანია მკვეთრად შეამცირებს AI Ultra პაკეტის შეძენის ფასს და ღირებულება $100 დოლარით განისაზღვრება. პაკეტი 20 ტერაბაიტ ღრუბლოვან მეხსიერებასა და გაზრდილ ლიმიტებს მოიცავს. კიდევ ერთი ცვლილება შეეხებათ Google AI Pro-ს ამჟამინდელ მომხმარებლებს - ისინი ფასიანი პაკეტის გამოწერის ფონზე დამატებით YouTube Premium Lite-ზეც მიიღებენ წვდომას.

დასასრულს, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი, ამჟამად ექსპერიმენტულ ეტაპზე მყოფი სიახლე - Ask YouTube-ი, რომლის გამოყენებითაც მომხმარებლისთვის განკუთვნილი Youtube-ის საძიებო ველი გადაიქცევა გაცილებით ინფორმაციულ სივრცედ, სადაც ნებისმიერი კითხვის ჩაწერისას, თუნდაც იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეროვნული ბანკი, მივიღებთ არამარტო რეკომენდირებული ვიდეოების სიას, არამედ Google-ის ხელოვნური ინტელექტის მიერვე შერჩეულ ყველაზე ინფორმაციული ვიდეოების ნაკრებს, რომელსაც თან ახლდება ტექსტი იმის შესახებ, თუ რატომაა მოცემული ვიდეო საუკეთესო დაინტერესებული პირისთვის. ეს განახლება მიმდინარე თვეში აშშ-ში ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

და ბოლოს, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ Google-მა Android XR პლატფორმის ფარგლებში ჭკვიანი სათვალეებიც წარადგინა. სათვალეების მწარმოებელ ცნობილ კომპანიებთან, Gentle Monster-თან, Warby Parker-თან და სამხრეთ-კორეულ ტექ-გიგანტ Samsung-თან პარტნიორობით შექმნილი პირველი აუდიო სათვალეები ბაზარზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. ეს მოწყობილობები Android და iOS სისტემებთან სრულად თავსებადი იქნება. Android XR-ის სათვალეებს ამჯერად არ ექნება მინაში ჩაშენებული ეკრანი, თუმცა აღჭურვილი იქნება კამერებით სივრცის აღსაქმელად, მიკროფონებით, Gemini-სთან ან ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაციისთვის და ე.წ. სპიკერებით ხმის გამოსაშვებად. რეალურად, Google-ის სათვალეები ითამაშებენ Gemini-ს ფიზიკური ასისტენტის როლს. ისინი დაეხმარებიან ხელოვნურ ინტელექტს, აღიქვას გარემო და რეკომენდაციები არა ზეპირი ან წერითი გადმოცემით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გააუზიაროს მომხმარებელს, არამედ თავად გააანალიზოს სივრცე თუ მოცემულობა და გასცეს ადამიანს პასუხი. მაგალითისთვის, თუ მუზეუმში რომელიმე ნამუშევართან გაჩერდებით, ტელეფონის ამოღების, სურათის გადაღების, შემდეგ Gemini-ში ჩაგდებისა და იმის კითხვის მაგივრად, თუ ვისი ნახატია მის წინ წარმოდგენილი, სათვალეზე თითის ერთი დაჭერით, Gemini თავად გაააქტიურებს კამერას და მომხმარებლის თხოვნისამებრ გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები