ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Google-მა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია Anthropic-ში $40 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე $10 მილიარდი გამოყო. რაც შეეხება დარჩენილ $30 მილიარდს, ის კომპანიის მიერ კონკრეტული ტექნიკური და ფინანსური მიზნების მიღწევის შემთხვევაში გადაირიცხება.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ტექნოლოგიური პარტნიორობის გაფართოებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, Anthropic-ი Google-ის ღრუბლოვანი სერვისებისა და სპეციალიზებული ჩიპების (TPU) გამოყენებას გააძლიერებს. პარალელურად, კომპანია Broadcom-თან თანამშრომლობით 5 გიგავატის სიმძლავრის გამოთვლით რესურსებზე წვდომას მიიღებს. საგულისხმოა, რომ ეს ინფრასტრუქტურული გაძლიერება Claude-ის მოდელებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება თავად Google-ის მიერ მიღებულ ინვესტირების გადაწყვეტილებას, ეს ნაბიჯი AI ბაზარზე Amazon-ისა და Microsoft-ის წინააღმდეგ გადადგმულ სტრატეგიულ სვლად მიიჩნევა. როგორც ცნობილია, მსგავსი შეთანხმება Anthropic-მა ცოტა ხნის წინ Amazon-თანაც გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ $5 მილიარდი მიიღო. ექსპერტების შეფასებით, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან Anthropic-სა და OpenAI-ში მილიარდობით დოლარის დაბანდება სექტორში კონკურენციის უკიდურეს გამწვავებაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ Google-სა და Anthropic-ს შორის თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო. თავდაპირველად Google-მა სტარტაპში $300 მილიონი დააბანდა, მოგვიანებით კი ინვესტიცია კიდევ $2 მილიარდით გაზარდა. ამ დროისთვის ტექნოლოგიური გიგანტი Anthropic-ის წილების 14%-ს ფლობს.




























