მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ახალი Pixel Watch-ი წარადგინა

627ca9fc93901
თათია კაკიაშვილი
13.05.22 00:30
1343

Google-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch-ი წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი Google Pixel Watch-ი რამდენიმე საინტერესო ფუნქციას აერთიანებს, მათ შორის აკვირდება მომხმარებელი რა სიხშირით იყენებს ჭკვიან საათს და ასევე აქვს ოპერაციული სისტემა Fitbit-ი, რომლის მეშვეობით, საათი მფლობელის ჯანმრთელობის მონაცემებსაც ადევნებს თვალყურს.

ჯერ კიდევ 2019 წელს Fitbit-ი Google-მა 2.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. საათის დაკავშირება ჯერჯერობით მხოლოდ Android სისტემასთანაა შესაძლებელი და ის 4G-სთანაც თავსებადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Pixel Watch-ს შეუძლია, დამოუკიდებლად იმუშაოს ტელეფონთან ახლოს ყოფნის გარეშე, რისთვისაც ჭკვიან საათს მონაცემთა საკუთარი გეგმის ქონა სჭირდება. ამასთან, Google-ში აცხადებენ, რომ ტელეფონიც და საათიც ერთსა და იმავე ქსელში უნდა იყოს დაკავშირებული. ამ დროისთვის Google-ში ადასტურებენ, რომ Pixel Watch-ი Apple-ის არცერთ მოწყობილობასთან არ დაწყვილდება.

ჯერჯერობით ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში პირველი ჭკვიანი საათის ღირებულებას არ აკონკრეტებენ. თუმცა ცნობილია, რომ Google Pixel Watch-ი პრემიუმ პროდუქტი იქნება და ის შემოდგომაზე გამოვა. შესაბამისად, მომხმარებლებს მისი შეძენა სულ რამდენიმე თვეში შეეძლებათ.

საგულისხმოა, რომ დღემდე არაერთი Android საათი არსებობს, რომელიც Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით Google-ს მსგავსი საკუთარი მოწყობილობა არ ჰქონია. Google-ის მიერ Fitbit-ის ათვისება ევროკომისიამ გამოიკვლია და საბოლოოდ დაამტკიცა. თუმცა, ეს გზა ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიისთვის მარტივი არ ყოფილა: Google-ს მოუწია მრავალი დაპირების გაცემა, მათ შორის ის, რომ ევროპაში 10 წლის განმავლობაში ჭკვიანი საათის Android ტელეფონთან დაწყვილებისას მომხმარებლის გამოცდილება არ უნდა გაუარესდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ტექნოლოგიურად, ისე ხარისხობრივად Pixel Watch-ი მუდმივად უნდა ერგებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. კიდევ ერთი პირობაა ის, რომ Google-მა საათის Fitbit მონაცემები სარეკლამო მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

რაც შეეხება ტექნოლოგიური გიგანტის სხვა სიახლეებს, Google-მა ასევე დააანონსა ორი ახალი Pixel ტელეფონის - ბიუჯეტური Pixel 6a-ის და პრემიუმ Pixel 7-ის გამოშვებაც, რომლებიც ივლისში გაიყიდება; ასევე მომხმარებელს ახალი Pixel ტაბლეტიც ელის, რომელიც 2023 წელს გამოვა და მალე გამოჩნდება განახლებული ყურსასმენებიც - Pixel Buds Pro, 11-საათიანი გამძლეობის ბატარეით. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, Google-ის Pixel სმარტფონებმა წარსულში ღირებული მიმოხილვები დააგროვეს, თუმცა ისინი ბაზრის მთავარი მოთამაშე არ გახდნენ.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, თებერვალში, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Google-მა "ყველა დროის კვარტალური გაყიდვების რეკორდი" დაამყარა, თუმცა მას რეალური რიცხვები არ გაუსაჯაროვებია. ამასთან, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა Google-ის ტექნიკის გაყიდვებზე „უდავოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები