მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი Bard-ი წარმოადგინა

63e1fe210cceb
გიორგი არონია
08.02.23 01:00
3296
სტატიაში საუბარია:
საუკეთესო ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლა ათწლეულებია მიმდინარეობს, მაგრამ ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოექცა. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის კოლაბორაციით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარმოადგინა, რის შესახებაც ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ბლოგში დაწერა.

როგორც პიჩაი წერს, Bard-ი ექსპერიმენტული სასაუბრო ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ადამიანების შეკითხვებს უპასუხებს და საუბრის გაბმას შეძლებს. პირველ ეტაპზე, პროგრამულ უზრუნველყოფას ნდობით აღჭურვილ ტესტერთა მცირე წრე გამოცდის, ხოლო რამდენიმე კვირაში, Google-ი Bard-ის საჯაროდ გახსნასაც ვარაუდობს. ის, თუ Google-მა რამდენად მძლავრი და ტექნიკურად გამართული ხელოვნური ინტელექტი შექმნა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ისეთივე მოქნილი იქნება, როგორც OpenAI-ის ChatGPT. Google-ის მიერ გავრცელებული სურათიდან ვიგებთ, Bard-ის გამოყენება შეიძლება, როგორც წვეულებების დასაგეგმად, ასევე ოსკარზე ნომინირებული ორი ფილმის შესადარებლად და კერძის რეცეპტის შედგენა იმ პროდუქტების გამოყენებით, რაც მაცივარში გაქვთ.

სუნდარ პიჩაის შეფასებით, Google-ის ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს, რაშიც, დიდწილად, ინტერნეტი ეხმარება – ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Bard-ი მეტად გარკვეული იქნება მცირე ხნით ადრე მომხდარ ამბებში, რადგან სწორედ ესაა ChatGPT-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი. „Bard-ი ადამიანებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და ცნობისმოყვარეობის განვითარებაში დაგეხმარება – მისი გამოყენებით, ჯერ NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გაკეთებულ ახალ აღმოჩენას აუხსნით ცხრა წლის ბავშვს, მერე კი გაიგებთ, ფეხბურთში საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობას და ვარჯიშს შეუდგებით“.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ყველაფერი ის, რასაც Google-ი აკეთებს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩანს, ანალიტიკოსების შეფასება გამართლდა და ChatGPT-ის გამოჩენამ ტექნოლოგიური გიგანტი რთულ დღეში ჩააგდო. მარტო ის რად ღირს, კომპანიის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინმა კოდის წერა რომ განაახლა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ChatGPT-ის ტექნოლოგიაში არაფერი იყო რევოლუციური – უბრალოდ, ის პირველი ხელოვნური ინტელექტი გახდა, რომელიც ადამიანებმა მასობრივად გაიცნეს, დედამიწის ყველა წერტილში. შესაბამისად, გაჩნდა საუბრები ChatGPT-ის სამეცნიერო კვლევებსა და სწავლების პროცესში გამოყენებაზე, ზოგი კი საერთოდ, მის აკრძალვაზე ალაპარაკდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ Google-ის ერთ-ერთი კონკურენტი, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული Microsoft-ი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის ერთ-ერთი სტრატეგიული ინვესტორია. ამ თანამშრომლობას Microsoft-ი მისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს – ChatGPT-ის ინტეგრირება იგეგმება, როგორც საძიებო სისტემა Bing-ში, რისი დამადასტურებელი (ან, პირიქით) სურათები ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელდა, ასევე სხვა აპლიკაციებში, მათ შორის საოფისე ნაკრებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა ChatGPT-ზე საუბრობს, Google-ის შესაძლებლობები, ამ მხრივ, არანაკლებ საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ტრანსფორმაციული, ან თუ გნებავთ, გარდამქმნელი ტექნოლოგია, რომელსაც ChatGPT-ი იყენებს, სწორედ Google-მა შექმნა და 2017 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში აღწერა. ამ ტექნოლოგიას Google-იც ავითარებდა და ადამიანური ენის მოდელი შექმნა, სახელწოდებით LaMDA, რომელიც დღეს, Bard-ის საფუძვლად გვევლინება.

ზოგადად კი, ხელოვნური ინტელექტის პროექტებს Google-ი, შეიძლება ითქვას, დაფუძნების დღიდან ავითარებს, მაგრამ OpenAI-სგან განსხვავებით, Google-ის ესა თუ ის პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ის გახლავთ, რომ ხშირად, სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი მოდელები საზოგადოებებში არსებულ სოციალურ შეთანხმებებს არ ითვალისწინებენ და შედეგად, ტოქსიკურ კონტენტს, არასწორ ინფორმაციას და სიძულვილის ენას ავრცელებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, Google-ი ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. როგორც სუნდარ პიჩაი წერს, ტექნოლოგიური გიგანტი გამოიყენებს, როგორც ტესტერთა უკუკავშირს, ასევე შიდა ტესტირების შედეგებს, რათა Bard-ი მაღალი ხარისხის ხელოვნურ ინტელექტად ჩამოყალიბდეს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.

დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ Google-ი აქ არ ჩერდება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, რომელსაც კომპანიაში ათწლეულებია, რაც ავითარებენ, Google-ის სხვადასხვა პროდუქტებში ინტეგრირდება, მათ შორის საძიებო სისტემაში. თავად ეს ტრენდი ახალი არ არის და ის ნამდვილად არ უკავშირდება ChatGPT-ის უეცარ გამოჩენას, რადგან ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო ხშირად, ბმულების ამოყრის გარდა, რასაც Google-ის საძიებო სისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზე აკეთებდა, ის კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემასაც ცდილობს.

„სულ მალე, საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს შეხვდებით, რომელიც რთულ ინფორმაციას მარტივ მამრავლებად დაგიშლით და რამდენიმე პერსპექტივას წარმოგიდგენთ, რათა საკითხში სწრაფად გაერკვეთ და ინტერნეტის გამოყენებით უფრო მეტი ისწავლოთ“, – წერს სუნდარ პიჩაი საკუთარ ბლოში და იქვე, ახალ პროდუქტებს აანონსებს, რომელთაც მომხმარებლები უახლოეს კვირებში იხილავენ. მანამდე კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაველოდოთ, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული – Bard-ის ოფიციალური პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები