Alphabet-ის შვილობილი კომპანია Google სასამართლო დავაში დამარცხდა - $2.7 მილიარდის ოდენობის ჯარიმა, რომელიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა კომპანიას 7 წლის წინ გამოუწერა, Google-მა, გასაჩივრების მიუხედავად, უნდა გადაიხადოს.
ევროპულმა კომისიამ Google თავისი საძიებო სისტემისთვის 2017 წელს დააჯარიმა. უწყება ამტკიცებდა, რომ სისტემაში ძებნის დროს, Google მომხმარებელს საკუთარი ელექტრონული კომერციის რეკომენდაციებს უფრო აქტიურად სთავაზობდა, ვიდრე კონკურენტი კომპანიების, რაზეც Google ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური სარგებელი არ ექნებოდა. თუმცა კომისია შეთანხმდა, რომ ამერიკული კომპანია ბოროტად სარგებლობდა ფასების შედარების ონლაინ ხელსაწყოთი და უფრო პატარა, ევროპულ კომპანიებს ბაზარზე დამკვიდრების შანსს უკარგავდა.
კომისიის გადაწყვეტილება Google-მა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. საქმეზე მომუშავე მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ მართალია, ევროკავშირის კანონმდებლობა ბაზარზე დომინანტ მდგომარეობას არ კრძალავს, თუმცა მონოპოლიით ბოროტად სარგებლობა დაუშვებელია.
"აკრძალულია დომინანტურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიის იმგვარი ქცევა, რომელიც კონკურენციას არსებითად აფერხებს და, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს ცალკეულ საწარმოებსა და მომხმარებელს", - აცხადებენ ისინი.
ანტიმონოპოლიური მარეგულირებლისგან ბოლო ათწლეულში Google_მა 8.25 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა მიიღო. მათგან ორი საქმე - Android-ის სისტემასა და AdSense-ის სარეკლამო სერვისებთან დაკავშირებით - კომპანიამ გაასაჩივრა და სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.