Google-მა ენერგეტიკულ გიგანტ Constellation Energy-სთან 4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 20-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიზანიც ქსელში 890 მეგავატი ბირთვული ენერგიის მიღებაა. სიახლის ფონზე Constellation Energy-ს აქციები 12%-ზე მეტით გაიზარდა.
კომპანიის განმარტებით, ახალი სიმძლავრე ილინოისის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში არსებული ექვსი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციით მიიღება, რაც თანამედროვე ტურბინების, ორთქლის გენერატორებისა და ციფრული მართვის სისტემების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ეს შეთანხმება Constellation-ს აძლევს შემოსავლების გარანტიას, რაც 11 რეაქტორის განახლებისთვის საჭირო ინვესტიციების ჩასადებად არის აუცილებელი, ამავდროულად კი უზრუნველყოფს, რომ AI ბუმის გამო მომხმარებლებს დამატებითი ტარიფები არ დაეკისროთ.
გარიგების ფარგლებში Constellation-ი Google-ის პროგრამულ უზრუნველყოფა Gemini Enterprise-ს გამოიყენებს, რაც კომპანიას ლოკაციების შერჩევაში, ავარიული გათიშვების მართვასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.
890-მეგავატიანი ბირთვული გეგმის გარდა, Google-ი და Constellation-ი დამატებით 2.7 გიგავატი სიმძლავრის ენერგიის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ 15-წლიანი ვადით. კომპანიის განცხადებით, Google-ს აშშ-ის მასშტაბით არაერთ სხვა ბირთვულ პროექტში აქვს ინვესტიცია ჩადებული, მათ შორის ჯორჯიის, აიოვასა და ტენესის შტატებში.
























