ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მალე გორშიც გამოჩნდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა თორნიკე გურულმა BMGTV-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას თქვა, მათი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გორია და წელს ჰიპერმარკეტს აუცილებლად გახსნიან.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა გორიდან. მათ შორის სოციალური ქსელებიდან დღე არ გავა მომხმარებლისგან მოთხოვნა არ წამოვიდეს. ასევე კვლევა ჩავატარეთ ადგილობრივ ბაზარზე და გორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც ამ კუთხით განვითარება მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ „გორგია“ საქართველოში მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 10 ფილიალით არის წარმოდგენილი.