ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ მიმდინარე წელს თბილისში ორ ახალ ფილიალს გახსნის.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე BMG-სთან ამბობს, ერთი ფილიალი საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება, ხოლო მეორე ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, ე.წ. „სასწრაფოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, ახალი ფილიალების გახსნა გასულ წელს კომპანიის შემოსავლებისა და მომხმარებლის რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
„რომ არ ყოფილიყო 2022 წელი წარმატებული, ცხადია ამას ვერ გავრისკავდით. მართალია გასული წლის მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა გეტყვით, რომ მინიმუმ ორნიშნა პროცენტულ ზრდაზეა საუბარი. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, განსაკუთრებით, პანდემიის გათვალისწინებით. ამასთანავე, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, მათ შორის, გაჩნდნენ ახალი მომხმარებლებიც და მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ნდობა დიდია. ამ ნდობის პასუხი კი ის არის, რომ წინ მივდივართ და 2023 წელს ახალი პროექტებით ვხვდებით. ცხადია, ახალი ფილიალების გახსნა დამატებით ასობით სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს“, - აცხადებს ლაშა გოცირიძე.
ცნობისთვის, „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად ფერმებს, მეურნეობებს, ცენტრალურ საწარმოსა და სამ ფილიალს აერთიანებს. საერთო ჯამში კი, 1400-მდე ადამიანს ასაქმებს.