გორის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს უნდა დასრულდეს. "ახალბაღში" სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Award” ასრულებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 8.95 მილიონ ლარს შეადგენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის გაფორმებული საინვესტიციო დაფინანსების შეთანხმების მიხედვით, რეაბილიტირებული ობიექტების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრება.
ტერიტორია, სადაც სარეაბილიტაციო სამუსაოები მიმდინარეობს ჯამში 7.5 ჰა-ს შეადგენს და ის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა.
პროექტი გულისხმობს:
- დაზიანებული კონსტრუქციების და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონების დემონტაჟს;
- ახალი ღობის მოწყობას პარკის მთელი პერიმეტრის გარშემო;
- საინფორმაციო ბანერის განთავსებას ახალბაღის პარკის შესასვლელში;
- ამფითეატრის რეკონსტრუქციას;
- ხელოვნური პატარა ტბის და შემაერთებელი არხების რეაბილიტაციას;
- ბავშვებისთვის განკუთვნილი ავტოდრომის ატრაქციონის რეაბილიტაციას;
- ველოსიპედების ბილიკების რეკონსტრუქციას;
- ველოსიპედებისათვის ბილიკის მოწყობას, პატარა ხიდზე;
- ღია ცის ქვეშ არსებული პლატფორმის/სცენის და კაფე „ოდესას“ (ამჟამად არ ფუნქციონირებს) რეაბილიტაციას;
- ავტოდრომის, კოლონადების, იოსებ სტალინის ძეგლის და ნიკო ლომოურის ბიუსტის რეაბილიტაციას;
- პლატფორმების მოწყობას პატარა ხელოვნური ტბის სიახლოვეს;
დაგეგმილია ასევე მცირე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია ხელოვნურ ტბაზე; ღია ცის ქვეშ სავარჯიშო ობიექტების, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების და სამაგიდო თამაშებისთვის სივრცეების მოწყობა; პავილიონების, კაფის მოწყობა; ღობის მოწყობა პატარა ზოოპარკთან; ფეხბურთის პატარა სტადიონზე (ფუნქციონირებს) მაყურებელთა ტრიბუნების მოწყობა; გარე განათების მოწყობა ქვე-პროექტის მთელ ტერიტორიაზე; ე.წ. ფამფთრექის და სკეიტპარკის მოწყობა სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარულთათვის;
ინფორმაციისთვის, პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2020 წელსაც გამოცხადდა, თუმცა მაშინ პროცესი ჩავარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია Award, ერთი წლის წინ, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეარჩია.
წინასწარი გათვლებით, ობიექტის გახსნა ბავშვთა სერთაშორისო დღეს, 1 ივნისს უნდა დაემთხვეს.