მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გორში მდებარე შაფრანის ფერმა გაფართოებას გეგმავს და დამატებით 1.5 ჰა-ის გაშენებას აპირებს

შაფრანი

გორში მდებარე შაფრანის ფერმა გაფართოებას გეგმავს. ფერმერი, რომელიც ე.წ. „წითელ ოქროს“ უკვე 10 წელზე მეტია აწარმოებს, BM.GE-სთან ამბობს, რომ დაახლოებით ორი წლის შემდეგ დამატებით 1.5 ჰექტარზე შაფრანის გაშენებას აპირებს. მერაბ ინასარიძის შეფასებით, აღნიშნული ფართობი 12-14 კილოგრამამდე მოსავალს მისცემს და საერთაშორისო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც შეძლებს.

როგორც ინასარიძე განმარტავს, შაფრანის წარმოება საკმაოდ მაღალ ინვესტიციას საჭიროებს. მისი თქმით, ბოლქვების შეძენა ძირითადად ევროპიდან ხდება და მათი ფასი მაღალია.

„თუ 1 კილოგრამი შაფრანის ბოლქვი იტალიიდან ან ჰოლანდიიდან ჩამოიტანე, დაახლოებით 100-120 ლარი ღირს. 1 ჰექტარზე კი დაახლოებით 270 კილოგრამი ბოლქვია საჭირო, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია. მთლიანობაში 1 ჰექტარის გაშენება დაახლოებით 250 000 ლარი ჯდება“, - აღნიშნავს ფერმერი.

რაც შეეხება შიდა ბაზარზე მოთხოვნას, მისივე თქმით, შაფრანზე მოთხოვნა ძირითადად სამედიცინო დანიშნულებითაა.

„ექიმები შაფრანს ხშირად უნიშნავენ ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია, შიშები აქვთ ან თვალის ოპერაციისთვის ემზადებიან. თუმცა წინა წლებთან შედარებით მოთხოვნის მატება არ შეინიშნება. მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ალბათ მეტი რეკლამა მჭირდება ამისთვის“, - ამბობს მერაბ ინასარიძე.

ფერმერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შაფრანის ფასი გაიზარდა და 1 გრამი პროდუქტის ღირებულება 25 ლარს აღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით 5 ლარით მეტია. მისი თქმით, ფასის ზრდა სამუშაო ძალის გაძვირებამ განაპირობა.

„თუ ორი წლის წინ მუშის დღიური ანაზღაურება 50 ლარი იყო, შარშან უკვე 90 ლარს შეადგენდა, ამიტომ პროდუქტის ფასის მცირედით გაზრდა მოგვიწია“, – განმარტავს ის.

რაც შეეხება წარმოებას, ინასარიძის თქმით, ფერმა ყოველწლიურად დაახლოებით 4 კილოგრამამდე შაფრანს იღებს.

„გასულ წელს დაახლოებით 3.9 კილოგრამი მივიღეთ, 2024 წელს კი 4 კილო და 100 გრამი გვქონდა. წელსაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელს ველოდებით. ეს კარგი მოსავალია და საშუალოზე მაღალიც შეიძლება ჩაითვალოს,“ – ამბობს ფერმერი.

მისი თქმით, ქართულ შაფრანზე ინტერესი საერთაშორისო ბაზრებიდანაც არსებობს, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან, თუმცა მათი მოთხოვნა დიდ მოცულობებზეა გათვლილი.

„საერთაშორისო მყიდველებს ძირითადად 15-20 კილოგრამის შეძენა სურთ, რაც ამ ეტაპზე რთულია. თუმცა პროდუქტის ნაწილი უცხოეთშიც გადის - ჩემი შვილი და მეგობარი, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, შაფრანს იქაც მიყიდიან“, – ამბობს ინასარიძე.

მისივე თქმით, ევროპულ ბაზარზე შაფრანის ფასი მნიშვნელოვნად მაღალია.

„გერმანიაში 1 გრამი შაფრანის ფასი ხარისხის მიხედვით 17 ევრომდეც ადის. ბაზარზე ირანული შაფრანიც არის, რომელიც 3-4 ევროდ იყიდება, თუმცა ქართული შაფრანი მაღალი ხარისხის სეგმენტში გადის. მე შაფრანს საფრანგეთში ლაბორატორიაში ვაგზავნი და იქიდან ყოველთვის მაღალი შეფასება მოდის,“ – აცხადებს ფერმერი.

მერაბ ინასარიძე ასევე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სექტორის მხარდაჭერა არ იგრძნობა.

„ჩვენს სექტორში სახელმწიფო არაფერს აკეთებს. წერილიც მივწერეთ სამინისტროს და „აწარმოე საქართველოსაც“, თუმცა პასუხი არ მიგვიღია,“ – ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები