გორში თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და ფერმერებისთვის შესაბამისი კვლევების შესაძლებლობების გაცნობა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ინფორმაციით, უკვე დანერგილია ყველა საჭირო კვლევა თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და ზონალურ ლაბორატორიებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები.
BM.GE-მ დამატებითი დეტალებისთვის გორში მოქმედ თევზმომშენებელ მეურნეობა „თევზსაშენი ცისარტყელას“ დაუკავშირდა. ფერმის დამფუძნებლის, ივანე მაჭარაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს დარგის ამჟამინდელი გამოწვევები და სამომავლო გეგმები, სადაც იქთიოპათოლოგების დეფიციტი, ანუ თევზის დაავადებათა სპეციალისტების ნაკლებობა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა.
„სექტორს გვჭირდება იქთიოპათოლოგი - სპეციალისტი, რომელიც შეძლებს თევზის დაავადებების დროულად დიაგნოსტირებას და შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს. შეხვედრაზე ჩვენ ეს პრობლემა გავაჟღერეთ და სამინისტროს წარმომადგენლებიც დაგვეთანხმნენ. მათ გვითხრეს, რომ უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ახალგაზრდა ამ პროფესიით. მგონი, რაღაც კურსებიც არის, სადაც ასწავლიან ამ პროფესიას, თუმცა, რაიმე კონკრეტული დაპირება არ გაუციათ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.




























