პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან ორ კვირაში ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ აკავშირებს იმ კომპანიებთან, რომლებისგანაც სარეკლამო SMS-ების მიღების სურვილი აქვს. ახალ სერვისზე BMGTV-ის ეთერში GoSMS.ge-ის დირექტორი, ლევან მესხიშვილი საუბრობს.
“SMS რეკლამის მთელი არსი ისაა, რომ ის რაც შეიძლება ზუსტ აუდიტორიამდე მივიდეს. ეს რომ არ ხდებოდა, სწორედ ამიტომ იყო მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური უკუკავშირი SMS რეკლამების მიმართ.
ამიტომ შევქმენით QR SMS, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიზნესისთვისაა, რომელსაც თავის მომხმარებელთან ურთიერთობა სჭირდება. შევქმენით ახალი პროდუქტი - QR სტენდები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის ფილიალებში განთავსდება და მომხმარებელს საშუალება ექნება, თავისივე მობილურიდან დაასკანეროს QR კოდი და მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპანიას დაუტოვოს თავისი ნომერი”, - ამბობს ლევან მესხიშვილი.
GoSMS.ge-ის დირექტორი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც 1 მარტიდან კომპანიებმა SMS რეკლამების გაგზავნა შეამცირეს, მომხმარებლებისგან გაჩნდა მოთხოვნა, რომ კონკრეტული კომპანიის ბაზაში კვლავ დარჩენილიყო, რის გამოც მსგავსი სერვისის საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, GoSMS ბიზნესებს საშუალებას აძლევთ, მცირე გადასახადის სანაცვლოდ, საკუთარ ფილიალებში აღნიშნული QR სტენდები განათავსონ.
“ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ სერვისს, რომლისთვისაც ისინი გადაიხდიან მიზერულ თანხას, რაც დაიწყება 79 ლარიდან, და ეს მოიცავს SMS-ების რაოდენობის გაგზავნასაც ამავე სისტემიდან, გარდა ამისა, ექნებათ შესაძლებლობა, დათვალონ, რომელ ფილიალში, რა ლოკაციაზე, რამდენმა ადამიანმა მისცათ ინფორმირებული თანხმობა SMS რეკლამების მიღებაზე, რათა შემდეგ სასურველი ფილიალების მიხედვით გაუგზავნონ მათ შეთავაზებები.
პროდუქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რითეილ სექტორისთვის, რადგან, განსხვავებით სხვა მიმართულებებისა, მცირე თუ ქსელური მაღაზიები მომხმარებელთა თანხმობის გარეშე დარჩნენ. ამიტომ ჩვენი ძირითადი აქცენტი მათზეა”, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.
მესხიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის ამ პროდუქტით სარგებლობა მაქსიმალურად გამარტივებულია და მათ მხოლოდ GoSMS.ge-ის მიერ დამზადებული QR სტენდების განთავსება დასჭირდებათ.
GoSMS-ის სერვისი იმ ადამიანებისთვისაცაა ხელმისაწვდომი, ვინც “სმარტფონებით” ან მობილური ინტერნეტით არ სარგებლობენ და QR კოდის დასკანერების საშუალება არ აქვთ.
“გვაქვს მეორე ფუნქციონალი, რომლითაც მსურველებს შეუძლიათ კონსულტანტს მიმართონ, მიაწოდონ თავიანთი ნომრები, ნომერზე ერთჯერადი კოდის მიღების შემდეგ, სისტემაში ეს კოდი კონსულტანტებთან ერთად შეიყვანონ სისტემაში და საკუთარი ნომერი ბაზაში დააფიქსირონ”, - ამბობს მესხიშვილი და განმარტავს, რომ მსგავსი სერვისით, ძირითადად, პენსიონერი მომხმარებლები ან რეგიონებში მცხოვრებლები ისარგებლებენ.
GoSMS.ge რამდენიმე ობიექტზე მომავალი კვირიდან უკვე ამოქმედდება. მისი დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი სერვისის არსებობა, ერთი მხრივ, ათი ათასობით მსურველს საშუალებას აძლევს, სასურველი რეკლამები SMS-ის სახით კვლავ მიიღონ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს, რომ კომპანიამ თავიანთი შეთავაზებები სწორ ადრესატებამდე მიიტანონ.
ცნობისთვის, 2024 წლის 1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, კომპანიები მომხმარებლებს სარეკლამო SMS-ებს, მომხმარებელთა წინასწარი თანხმობის გარეშე, ვეღარ უგზავნიან.