„გოცირიძის მეღვინეობის“ ღვინო გაზაფხულიდან ბერლინში გაიყიდება. ამის შესახებ BM.GE-თან საოჯახო, მცირე მარნის დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბერლინის ბაზარი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რაც როგორც გერმანული ბაზრის ათვისებას, ასევე პირდაპირი კონტაქტების დამყარების საშუალებას იძლევა.
“სასიხარულოა, რომ ჩვენი ღვინო გაზაფხულიდან ბერლინშიც გაიყიდება, 8000 მოსავლის ქსელში. თავდაპირველად მცირე რაოდენობებზეა საუბარი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოწოდებას დაიმსახურებს. ამ ბაზარზე გასვლა ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის, რადგან ჯერ ერთი, რომ უშუალოდ 8000 მოსავლის მომხმარებლები გაიცნობენ ჩვენს ღვინოს და ასევე, ამ ბაზარზე გასვლა საშუალებაა, რომ პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ. ბერლინის ბაზარზე სავარაუდოდ საშუალო ფასიან სეგმენტში გაიყიდება.
გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან, ასევე დაინტერესებული ვართ აშშ-ს ბაზრით. თუმცა, ამას თავისი ბიუროკრატია და სტანდარტები მოსდევს“, - ამბობს გოცირიძე.
მეღვინეობის დამფუძნებლის განმარტებით, ქართული ღვინის ნიშა არა მასიურობა, არამედ ხარისხი უნდა იყოს, რადგან ქვეყანა სხვა ქვეყნებს რაოდენობით ვერ გადაუსწრებს. ამიტომ მისი ნიშა, რაც საქართველოს აქვს, როგორც ღვინის სამშობლოს, სწორედ ამით უნდა იყოს პოზიციონირებული.
"გვინდა, რომ ექსპორტზე ევროპული და აშშ-ს ბაზრების მიმართულებით განვვითარდეთ, რადგან მასიური ღვინო, რაც რუსეთისთვის არის მისაღები, მეღვინეობა ამას არ აწარმოებს", - აღნიშნავს გოცირიძე და იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც რუსეთის ბაზარზე გასვლის შემთხვევაში მათთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, მეღვინეობაში ამბობენ, რომ რუსეთის ბაზარს არ ეკარებიან.