მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გპირდებით, შემდეგ ბრიფინგამდე კიდევ ერთხელ ჩავეძიები“ - რა შემთხვევაში შეხვდება პრემიერი შუქრუთელებს?

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის კონფლიქტში ჩართვაზე ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა. მისი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებიდან რამდენიმე მათგანს კომპენსაცია უკვე ჩაბარებული აქვს და სამწუხარო მოვლენაა, რომ საარჩევნო პერიოდში ასეთი ტიპის აქციები ემთხვევა ხოლმე.

„ზოგადად არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს. თუმცა რა ინფორმაციაც მე მქონდა და ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია, ძირითადად სამი პირი იყო ამ აქციის ორგანიზებაში ჩართული. სამწუხარო მოვლენაა, რომ ხშირად აქციების პერიოდში ემთხვევა ხოლმე ასეთი აქციები. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის რაც გადავამოწმე, ერთ-ერთ პირს 80 000 ლარი კომპენსაციის სახით ჰქონდა აღებული, მეორეს 50 000 ლარი. ეს არის ინფორმაცია რაც მე მაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

მედიის წარმომადგენელმა პრემიერს განუმარტა, რას აპროტესტებდნენ შუქრუთელები ამდენი ხნის განმავლობაში. ამასთან დასძინა, რომ დაბზარული და საძირკველში ჩავარდნილი სახლები საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რაზედაც კობახიძემ უპასუხა, „გპირდებით, შემდეგ ბრიფინგამდე კიდევ ერთხელ ჩავეძიები“.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებთან შეხვედრას, პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ თუ პოზიციები სწორია და სიმართლე აქციის მონაწილეების მხარესაა, ამასთან მხარეებს შორის მოგვარების რესურსი არ არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საჭირო შეხვედრა.

„თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ ურთიერთობები კომპანიასა და ამ პირებს შორის მოგვარდეს, მაშინ საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, მაშინ სჯობს კომპანია და შესაბამისი პირები ერთმანეთთან მოგვარდნენ. ეს არის სწორი. მე არასდროს ვერიდებოდი ადამიანებთან შეხვედრას და აქაც მზად ვარ, მაგრამ მთავარია, რომ წესები დავიცვათ. გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე მე ჩავეძიები, ვნახავ უფრო დეტალურად რა ხდება იქ. თუ სადმე ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, რა თქმა უნდა, წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს პრინციპის რეალიზებას”, – განაცხადა კობახიძემ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 32 დღეა, შიმშილობს.ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.

შუქრუთელები პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად დღეს ისევ მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათ 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები