სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, გრანტების შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების მიზანი ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა.
ორგანიზაციის თანახმად, ცვლილებები სამართლებრივი პრინციპების სრული უგულებელყოფით ქმნის კრიტიკული ორგანიზაციებისა და ინდივიდების დევნის, მათი შევიწროებისა და საქმიანობის შეზღუდვის კომპლექსურ ჯაჭვს.
"არ არსებობს არანაირი წინასწარი მოთხოვნები და სამართლებრივი ლოგიკა, თუ რის საფუძველზე იხელმძღვანელებს მთავრობა გრანტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ან მასზე უარის თქმისას, რაც შერჩევითი მიდგომების წინაპირობა გახდება. სხვა სიტყვებით, მთავრობის თანხმობის კომპონენტი არსებითად არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კატეგორიაა. მისი აღსრულება სავალალო შედეგების მომტანი იქნება საქართველოში განსხვავებული აზრის წარმოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმს საბოლოოდ გააფორმებს",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
7 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული ცვლილებები დააანონსა გრანტების შესახებ კანონში. 9 დღეში, 16 აპრილს კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებების პაკეტი და „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, მიღებული კანონი რამდენიმე მიმართულებით არის ფუნდამენტურად პრობლემური.
"გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობის დაწესება, ბუნებრივია, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც უნდა მართლდებოდეს ლეგიტიმური მიზნით, აუცილებლობითა და პროპორციულობით. კანონი ვერც ერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია შეფასებაში.
ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ორგანიზაციის/პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი უფლებამოსილების ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭება სამართლებრივი პრინციპებთან სრულიად შეუსაბამოა.
რა ცვლილებები შევიდა "გრანტების შესახებ" კანონში?
„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად დონორებმა გრანტების გაცემაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის ან მისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა უნდა მიიღონ. მათ საგრანტო ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა წარუდგინონ. ანტიკორუფციული ბიურო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს. ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება კი გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
უფრო ზუსტად, “გრანტების შესახებ” კანონს დაემატა ოთხი მუხლი მთელი რიგი რეგულაციებით:
- გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
- პასუხისთვის დგინდება 3 თვიანი ვადა და ანტიკოროფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს;
- გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
- თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
- თანხმობის მისაღებად, გრანტის გამცემმა მთავრობას [ან მის უფლებამოსილ პირს/ორგანოს] უნდა წარუდგინოს გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პროექტი [რომელშიც გაწერილია ყველა დეტალი - ვადებისა და მიზნობრიობის ჩათვლით].
- უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს [რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს].
- ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობა მიეცა სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა - “შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად”;
- “ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება” და ოქმთან ერთად წარედგინება სასამართლოს; გადაწყვეტილებისთვის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს 15 დღე აქვს;15-დღიანი ვადა უწესდება სააპელაციო სასამართლოსაც, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. წინასაარჩევნო პერიოდში ვადები მნიშვნელოვნად შემცირებულია;
- ყადაღის საკითხის განსახილველად ორივე ინსტანციის სასამართლოებს მაქსიმუმ 48-48 საათი აქვთ;
- გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას.
ამასთან ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია: გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს “დასაბუთებული ვარაუდი” კანონის დარღვევაზე; გამოჰკითხოს ფიზიკური პირი - “რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია” [ეს გამოკითხვა ნებაყოფლობითია]; დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისა თუ “სხვა სუბიექტისგან” გამოითხოვოს “საჭირო ინფორმაცია” - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის ჩათვლით.




























