მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრძელვადიან პერიოდში უძრავი ქონება შეიძლება კიდევ 15-20%-ით გაძვირდეს“ – „ალიანს ჯგუფი“

64074669a62b2
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 09:00
1324
„ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თემურ ბიწაძის შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასი კიდევ 15-20%-ით გაიზრდება, თუმცა დღეს ქვეყანაში უძრავი ქონების ღირებულება იმ ნიშნულზეა, რომ ეს სავალალო არ იქნება. ამის შესახებ მან სასტუმრო „პულმანში“ FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრაზე უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებმა და ხელმძღვანელებმა უძრავი ქონების სექტორის უახლესი ტენდენციები მიმოიხილეს, სამშენებლო-დეველოპერულ სექტორთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გაეცვნენ, მშენებლობაში ენერგოეფექტურობასა და მედეგობაზე და ასევე სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ქალების როლზე ისაუბრეს.

„ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა თემურ ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უძრავი ქონების გაძვირების ერთ-ერთი ფაქტორი სამშენებლო სექტორში ევროკოდების შემოღება იქნება.

„რეგულაციები გაზრდის ხარჯს და ამასთან ერთად უძრავი ქონების ღირებულებაც გაიზრდება. ფასები ბევრი მიმართულებით უკვე გაზრდილია, ეს ნაწილობრივ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლოგისტიკის გაძვირებამ განაპირობა, რომელიც ახლა ნელ-ნელა დასტაბილურდა და ბალანსი სწორდება. ინფლაციიდან გამომდინარე გაზრდილია სამშენებლო მასალების ღირებულება, ასევე მუშახელზე დანახარჯები. ამის გამო ზოგადად უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა. თუ ამ მოცემულობას იმ რეგულაციებს დავამატებთ, რომელიც ახლა შემოდის და ეს აუცილებელია, უძრავი ქონების თვითღირებულება 10%-ით გაიზრდება, რამაც გრძელვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასი შეიძლება კიდევ 15-20%-ით გაზარდოს. ეს მისაღებია, რადგან საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება ისეთ ნიშნულზეა, რომ ამ დანამატს მეტ-ნაკლებად აიტანს. შესაბამისად, ეს შედეგები სავალალოდ არ მიმაჩნია და ახლა ინვესტირებისთვის საუკეთესო დროა“, - აცხადებს თემურ ბიწაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ალიანს ჯგუფი“ პროექტების განხორციელებისას საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებს იცავს, რაც კომპანიის ხარჯებს ზრდის, თუმცა ყველა არსებულ რისკს აზღვევს.

ცნობისთვის: 2024 წლიდან სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად სრულიად ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს. საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა სრულად ევროპული ნორმების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

ევროკოდები ევროპული სტანდარტია, რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები