ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე შევა.
შესაბამისი კანონპროექტი განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მისი მიზანია, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირი, სამართლიანი და ეფექტიანი გამოყენება განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების არეალში მოქცეული დასახლების/დასახლებების მიერ.
კერძოდ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში შედის კანონპროექტი „განახლებადი ენერგიის პროექტებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის დასახლებაზე განაწილების შესახებ“.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, კანონპროექტი განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის პროექტების მდგრადი განვითარების მიზნით განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის განაწილების პრინციპებს, თითოეული ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურისთვის სარგებლის ოდენობას, გადანაწილების ღონისძიებათა დაგეგმვას, ორგანიზებას, განხორციელებას, მონიტორინგს და ამ პროცესში სახელმწიფო უწყებათა, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის/დასახლების წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს სარგებლის სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად. ის ადგენს გრძელვადიანი სარგებლის განაწილების წესს ელექტროენერგიის მწარმოებელს, პროექტის განხორციელების არეალში მოქცეულ დასახლებას და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის, სადაც უშუალოდ ხორციელდება განახლებადი ენერგიის ისეთი პროექტი, რომელიც ერთი ან რამდენიმე დასახლების საცხოვრებელ გარემოზე ახდენს გავლენას.
ცნობისთვის, GREDA-ს უკვე რამდენიმე წელია მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.



























