“ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ სადგურების გენერაციის შეზღუდვები რამდენიმე დღეა გრძელდება და ძირითადად ღამის საათებში ფიქსირდება.
საქმე ისაა, რომ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ინფორმაციით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს დღესაც საშუალოდ 25-30%-იანი შეზღუდვა აქვთ. მაია მელიქიძის თქმით, ეს სექტორს სერიოზულ ზარალს აყენებს.
როგორც გიორგი შუკაკიძე ამბობს, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჰესებს ე.წ. წყლის დაღვრა ნოემბერშიც მოუწიათ.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ მიმდინარე პერიოდში გენერაციის ობიექტების შეზღუდვის გადაწყვეტილება სახელმწიფო სტრუქტურებმა ქსელის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. თუმცა შუკაკიძე ამბობს, რომ მსგავსი პროცესები ნეგატიურად აისახება დარგის საინვესტიციო გარემოზე.
„გიდასტურებთ, რომ დღესაც სახეზეა გენერაციის შეზღუდვები. ღამის საათებშია ძირითადად. ეს მდგომარეობა დაუგეგმავია ცალსახად, ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. რა თქმა უნდა, ასეთი შეზღუდვები არ არის კარგი საინვესტიციო გარემოსთვის, ასევე განხორციელებული ინვესტიციებისთვის. პირველი შემთხვევაა დარგში, როდესაც ნოემბერში ფიქსირდება მსგავსი შეზღუდვა. თბოსადგურიც მუშაობს, იმპორტიც ხორციელდება და ამ დროს წყლის დაღვრა ხდება, რაც ძალიან ცუდია. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ეს რეჟიმი შეირჩა.
შეიძლება ყველა გარემოზე მოახდინო ადაპტირება, მაგრამ ისაა ძალიან ცუდი, რომ ერთი დღის ჭრილში და ერთი ზარის ფარგლებში ხდება ხვალინდელი გეგმის შემუშავება. სწორად დაგეგმვა სჭირდება დარგს. არ მგონია, რომ ასეთი შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, წყლის დონე მცირდება და შესაზღუდიც აღარაფერი იქნება”, - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს მაის-ივლისში სადგურებს გამომუშავება მასშტაბურად პირველად შეეზღუდათ, რამაც ჯამში 0.5 ტვტ.სთ შეადგინა. ეს კი Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს.
























